ჩქაროსნული გზატკეცილის მაგისტრალის სვენეთი-რუისის კვანძის მშენებლობა 23 ნოემბრისთვის დასრულდება. ამის შესახებ რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა რამაზ ნიკოლეიშვილმა მარტვილში პრეზიდენტთან შეხვედრისას განაცხადა. მინისტრის თქმით, საუბარია 880-მეტრიანი ორი ესტაკადისა და 800-მეტრიანი 2 გვირაბის მშენებლობაზე. პროექტის ფარგლებში დაიგება 15-კილომეტრიანი ბეტონის გზა.
„ვვარაუდობთ, რომ ამ წლის ბოლოს, რუისი-რიკოთის დაალხოებით 60-კილომეტრიანი მონაკვეთის მშენებლობას დავიწყებთ. ამასთან, ივნისის ბოლოს ზესტაფონი-სამტრედიის გზის მშენებლობას ვიწყებთ", - აღნიშნა რამაზ ნიკოლაიშვილმა.
მინისტრის თქმით, ამ დროისათვის გრიგოლეთის მონაკვეთის დაპროექტება მიმდინარეობს. მინისტრი ამბობს, რომ გამომდინარე რელიეფიდან, ეს შედარებით ადვილი პროექტია და მისი მშენებლობა 2012-2013 წლებში დასრულდება.
„უკვე დაწყებული გვაქვს ქობულეთის შემოვლითი გზის მშენებლობა, რომელსაც 2012 წელს დავასრულებთ და აგვისტოში ვიწყებთ ბათუმში შემოვლით გზის მშენებლობასაც. იმავდროულად, 2013 წელში ჩქაროსნული გზატკეცილი, გარდა ზესტაფონი-რიკოთის მონაკვეთისა, დასრულებული იქნება", - აღნიშნა მინისტრმა
შეგახსენებთ, რომ ჩქაროსნული გზატკეცილის-60 მაგისტრალის სვენეთი-რუისი 15-კილომეტრიანი მონაკვეთის მშენებლობაზე აზერბაიჯანული კომპანია „აკორდი" მუშაობს, რომელსაც ტექნიკურ ზედამხედველობას თურქულ-ქართული კომპანია „თემელსუ-BT" უწევს. გზის ამ მონაკვეთის მშნებლობაზე 100-ზე მეტი ადამიანი იყო დასაქმებული, მათ შორის ადგილობრივი მცხოვრებლები.
ჩქაროსნული გზატკეცილის მომდევნო მონაკვეთების მშენებლობა გრძელდება. E-60 მაგისტრალის სვენეთი-რუისის 15 კილომეტრიან მონაკვეთზე, ამიერკავკასიაში ყველაზე მასშტაბური პროექტი ხორციელდება. პროექტი მოიცავს საგზაო-სამშენებლო ნაგებობათა თითქმის ყველა სახეობას. მათ შორის: ორი, 800-მეტრიანი გვირაბისა და ორი, 877-მეტრიანი ესტაკადის მშენებლობას.