საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს კახეთისა და შიდა ქართლის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამხარეო სამმართველოების აუდიტით, გამოვლინდა როგორც პრივატიზაციის კანონმდებლობის დარღვევის, ასევე საპრივატიზაციო ვალდებულებების შეუსრულებლობის 191 შემთხვევა, რითაც სახელმწიფოს ინვესტიციის სახით 5,8 მილიონი აშშ დოლარი დააკლდა. ამის შესახებ ნათქვამია კონტროლის პალატის 2010 წლის ანგარიშში, რომელიც პარლამენტში უკვე შემოვიდა.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ ძირითადად დარღვევები შეეხება საინვესტიციო ვალდებულებების შეუსრულებლობას, საპრივატიზაციო ობიექტების შეფასებას კანონდარღვევით, იპოთეკის ხელშეკრულებით დადგენილი ყოველწლიური გადასახადის (ჯამურად 103,4 ათასი ლარი) გადაუხდელობას, საპრივატიზაციო თანხის გადაუხდელობას, უკანონო მოცულობის ქონების პრივატიზაციას, ათეულობით ჰექტარი მიწის პრივატიზაციას ვადების დარღვევით ან პრივატიზაციას არაუფლებამოსილი პირების მიერ.
აუდიტისას გამოვლენილ 6 შემთხვევაში ხელშეკრულების პირობებს შესრულებლობისთვის პირობიან აუქციონებში გამარჯვებულ პირებზე დაკისრებულმა ჯარიმამ 1 მილიონ ლარზე მეტი (608 ათასი აშშ დოლარი) შეადგინა.