საავტომობილო ზეთების იმპორტის შემდეგ, კომპანია "ვისოლი" "ტოტალის" გემების ზეთებისა და საპოხი მასალების იმპორტს იწყებს. კომპანიის ინფორმაციით, ტოტალის" გემების ზეთებისა და საპოხი მასალების იმპორტი საქართველოში დაახლოებით 2-3 თვეში დაიწყება.
დღეს, "ტოტალის" დირექტორმა ევროპასა და დსთ-ს ქვეყნებში ჟან ლუი ბონენფანტიმ, კომპანიის სხვა წარმომადგენლებთან ერთად თბილისში, თორნიკე ერისთავის ქუჩაზე და მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე მდებარე "ვისოლის" ავტოგასამართ სადგურებზე „ვისოლ ავტო ექსპრესის" ორ ახალ ობიექტი გახსნა.
"ვისოლის" ინფორმაციით, "ტოტალის" წარმომადგენელთა ვიზიტის ფარგლებში, ფრანგი პარტნიორები საქართველოში ბიზნესის გაფართოების გეგმებსაც დასახავენ.
"ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით საქართველოს ეკონომიკური განვითარების ტემპებს. დღესდღეობით ტოტალის საავტომობილო ზეთების რეალიზაცია "ვისოლ ავტო ექსპრესის" მომსახურების ხუთ ცენტრში წარმატებით მიმდინარეობს. ამას გარდა, საქართველო, როგორც ევროპასა და აზიას შორის სატრანსპორტო კორიდორი დღითიდღე უფრო მიმზიდველი ხდება როგორც სატვირთო, ისე სამგზავრო გემებს გადაადგილებისთვის. შესაბამისად, ვფიქრობთ, "ვისოლთან" ერთად გემის ზეთების რეალიზაციასაც წარმატებით მოვახდენთ" - აღნიშნა "ტოტალის" დირექტორმა ევროპასა და დსთ-ს ქვეყნებში ჟან ლუი ბონენფანტიმ.
როგორც ცნობილია "ვისოლმა" მსოფლიოში სიდიდით მე-4 ნავთობკომპანია "ტოტალთან" გრძელვადიანი ხელშეკრულება ხანგრძლივი მოლაპარაკებების შედეგად გააფორმა და "ტოტალის" საავტომობილო ზეთებისა და საპოხი მასალების ექსკლუზიური იმპორტიორი გახდა საქართველოში. "კომპანია "ტოტალიდან" დღეს საქართველოში ორი უმნიშვნელოვანესი სტუმარი გვყავს. "ტოტალი" მსოფლიოში უდიდესი ნავთობგიგანტია, ეს არის კომპანია რომელსაც 180 ათასი თანამშრომელი ყავს და 100-ზე მეტ ქვეყანაში ოპერირებს. დღეს დამატებით ორი ობიექტი გავხსენით, სადაც ფრანგული "ტოტალის" ზეთები გაიყიდება. რაც ნიშნავს იმას რომ ინვესტორების მხრიდან ნდობა არის და ეს ნიშნავს ასევე იმასაც, რომ ჩვენი მომხმარებლი მაღალი ხარისხის პროდუქციას მიიღებს. "ტოტალის" საქართველოში შემოსვლა მნიშვნელოვანი ნაბიჯი იყო ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის შემდგომი განვითარების გზაზე. მოხარული ვარ, რომ "ტოტალის" ზეთები ქართველ მომხმარებელს შორის დიდი პოპულარობით სარგებლობს. ჩვენ კიდევ უფრო მეტად გავაფართოვებთ ამ ბიზნესს და საქართველოს რეგიონებშიც განვავითარებთ "ავტოექსპრესის" სერვის ცენტრებს. ის რომ ფრანგ პარტნიორებს აქვთ სტიმული უფრო მეტი ინვესტიცია განახორციელონ საქართველოში, ეს არა მხოლოდ "ვისოლის" მიღწევაა, არამენდ იმ ეკონომიკური კურსის შედეგია, რა მიმართულებითაც ჩვენი ქვეყანა ვითარდება", - აცხადებს "ვისოლის" სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე სოსო ფხაკაძე.
ფხაკაძის განცხადებით წლის ბოლომდე დამატებით 15-მდე "ავტოექსპრესი" გაიხსნება, რტაშიც კომპანია მილიონობით ლარის ინვესტიციას განახორციელებს.
"ჩვენ წარმატებით ვახორციელებთ იმ გეგმას, რომელიც "ტოტალთან" ერთად დავსახეთ და ეს ნიშნავს იმას, რომ 2-3 წლის განავლობაში კიდევ 50 ცენტრს გავხსნით", - განაცხადა ფხაკაძემ.
„ვისოლ ავტო ექსპრესი" 2011 წლიდან დამკვიდრდა საქართველოს ბაზარზე და ერთადერთ ავტომომსახურების ცენტრების ქსელს წარმოადგენს მთელი ქვეყნის მასშტაბით. კომპანიის ავტომომსახურების ცენტრები უმაღლესი ხარისხის ტოტალის ფრანგული საავტომობილო ზეთების და სხვა საპოხი მასალების გარდა მომხმარებელს ავტომობილების გაზზე გადაყვანის სერვისს, საბურავებს და ვულკანიზაციისა და ბალანსირების სრულ მომსახურებისაც სთავაზობს.