9 ივნისიდან "ჩინეთის სამხრეთ ავიახაზები" თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან ჩინეთის ქალაქ ურმჩის მიმართულებით იწყებს პირდაპირი ავიარეისების შესრულებას. რეისები კვირაში სამჯერ - სამშაბათს, ხუთშაბათსა და შაბათს, ბოინგ 737 და ბოინგ 757 ტიპის თვითმფრინავებით შესრულდება.
მგზავრებს შესაძლებლობა ექნებათ მსოფლიოს იმ 169 მიმართულებით ისარგებლონ, რომელთაც მათ ავიაკომპანია ჩინეთის სამხრეთ ავიახაზები ქალაქ ურუმჩის გავლითს სთავაზობს.
"ურუმჩი-თბილისის პირდაპირი რეისი არა მარტო ორ ქალაქს შორის მჭიდრო სატრანსპორტო კავშირს დაამყარებს, არამედ ქართველ მგზავრებს შესაძლებლობას გაუზრდის, იმოგზაურონ მსოფლიოს მრავალი ქვეყნის მიმართულებით. ქართულ ავიაბაზარზე ყოველი ახალი ავიაკომპანიის შემოსვლა ტურიზმის განვითარებისკენ გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯია, რაშიც ტავ ჯორჯიასაც თავისი წვლილი შეაქვს. კეთილი იყოს ჩინეთის სამხრეთ ავიახაზების შემოსვლა საქართველოში", - განაცხადა თბილისის აეროპორტის ოპერატორი კომპანიის გენერალურმა მენეჯერმა მეთე ერქალმა.
ავიაკომპანია China Southern Airlines 1988 წელს ჩამოყალიბდა, მას შემდეგ კომპანიამ შეიერთა და შეისყიდა არაერთი ავიაკომპანია, რის შემდეგაც გადაიქცა ერთ-ერთ უდიდეს ავიაგადამზიდავად არა მარტო ჩინეთის, არამედ მთელი აზიის მასშტაბით. შიდა გადაზიდვების კუთხით ჩინეთის სამხრეთ ავიახაზები ითვლება მსოფლიოში სიდიდით მეოთხე ავიაკომპანიად. აქვს 169 საერთაშორისო და ადგილობრივი მიმართულება და 422 თვითმფრინავისგან შემდგარი ავიაპარკი. 2010 წელს ჩინეთის სამხრეთ ავიახაზებმა გადაიყვანა 76.5 მილიონი მგზავრი შიდა და საერთაშორისო რეისებზე.
შეგახსენებთ, რომ თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების მმართველი "ტავ ჯორჯია" TAV Airports ჰოლდინგის შვილობილი კომპანიაა. ტავ ჰოლდინგი მსოფლიოს ათი აეროპორტის მართვას ახორციელებს და ერთგულად მიჰყვება მის მიერ აღებულ კურსს საავიაციო ინდუსტრიაში გლობალური ლიდერის ადგილის მოსაპოვებლად. "ტავ ჯორჯია" საქართველოში 2005 წლიდან მოღვაწეობს. აეროპორტების მართვის საქმეში უდიდესი გამოცდილების, სწორი მენეჯმენტისა და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში განხორციელებული მრავალმილიონიანი ინვესტირების წყალობით მალევე მოიპოვა ერთ-ერთი ყველაზე საიმედო, სტაბილური და დინამიური კომპანიის სახელი.
2010 წელს TAV Airports Holding-მა 300 ავიაკომპანიის მიერ შესრულებული 416 000 რეისის 48 მილიონ მგზავრს გაუწია მომსახურება და ათი აეროპორტის ოპერირებას ახორციელებს მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში, მათგან ოთხს თურქეთში (სტამბულის, ანკარის, იზმირის და ანტალიის), ორს საქართველოში (თბილისის და ბათუმის), ორს ტუნისში (მონასტირსა და ენფიდაში) და ორს მაკედონიაში (სკოპიესა და ოჰრიდის).