ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს "საქართველოს ფოსტის" მფლობელი დღემდე არ გამოუვლენია. როგორც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ვერა ქობალიამ განაცხადა, ფოსტის ახალი მფლობელი გამოვლენილი არ არის. მინისტრი აცხადებს, რომ ამ დროისათვის მუშაობა მიმდინარეობს იმ სამ კომპანიასთან, რომლებსაც "საქართველოს ფოსტის" შეძენა სურთ.
"სამინისტროში მათი წინადადებების განხილვა მიმდინარეობს. დაინტერესებული კომპანიები "საქართველოს ფოსტაში" აუდიტის ჩატარებას აგრძელებენ. ფოსტის შეძენით დაინტერესებული სამი კომპანიიდან ერთი შვეიცარული კომპანიაა, ერთიც რუმინული, ხოლო მესაქმე ქართული კომპანიაა"- განაცხადა მინისტრმა.
თავის დროზე "საქართველოს ფოსტის" შეძენის სურვილი ოფიციალურად 15 კომპანიამ გამოთქვა.შემდგომ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ სხვადასხვა კრიტერიუმების საფუძველზე ამ კომპანიების "გაცხრილვა" დაიწყო.
შეგახსენებთ, რომ 15 იანვარს, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში, "საქართველოს ფოსტის" გასხვისებასთან დაკავშირებით, ინტერესთა მიღება შეწყდა.
ობიექტთან დაკავშირებით, ინვესტორთა განაცხადების მიღება სამინისტროს ჯერ კიდევ 2010 წლის 20 დეკემბერს უნდა შეეწყვიტა, თუმცა სამინისტროს ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით ვადამ 2011 წლის 15 იანვრამდე გადაიწია.
"საქართველოს ფოსტის" აქციათა 100%-ის მფლობელი სახელმწიფოა და ის ქართულ საფოსტო ბაზარზე მთავარი საფოსტო ოპერატორია. კომპანია ოპერირებს მთელი ქვეყნის მასშტაბით და ფლობს დაახლოებით 87 000 კვ.მ.
მიწას და შენობებს საერთო ფართით 100 000 კვ.მ.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, კომპანიას აქვს ყველაზე სანდო საფოსტო მომსახურების გაწევის იმიჯი. მისი ოფისები მთელი ქვეყნის ტერიტორიაზეა განლაგებული.
სამინისტროში მიიჩნევენ, რომ ამ მახასიათებლების გათვალისწინებით შპს "საქართველოს ფოსტა" საუკეთესო ინვესტირების საშუალებას იძლევა.
საქართველოს მთავრობა მზადაა განიხილოს სხვადასხვა შემოთავაზება პოტენციური მყიდველების მხრიდან კომპანიის სამომავლო განვითარების შესახებ.