პროკრედიტ ბანკი აგროკლიენტებს-განსაკუთრებით მესაქონლეობითა და თხილის წარმოებით დაკავებულ ბიზნესმენებს - გამარტივებულ კრედიტებს სთავაზობს. ამ კლიენტებს შეეძლებათ გამარტივებული პროცედურებით ისარგებლონ და კრედიტები გაცილებით სწრაფად მიიღონ.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" ბანკიდან აცნობეს, რადგანაც სოფლის მეურნეობის სექტორი საქართველოს ეკონომიკის მეტად მნიშვნელოვანი სექტორია, პროკრედიტ ბანკი, როგორც განვითარებაზე ორიენტირებული ბანკი, ყოველთვის სათანადო ყურადღებას უთმობდა აგრობიზნესის დაფინანსებას.
"ხელსაყრელი კლიმატური პირობებისა და ნიადაგის წყალობით, საქართველოს სოფლის მეურნეობის სექტორს, განვითარების კარგი პოტენციალი აქვს. ბანკიც, თავის მხრივ, ხელს უწყობს სექტორის განვითარებას, რადგან სოფლის მეურნეობის განვითარება ადგილობრივი წარმოებისა და სოფლად მცხოვრები მოსახლეობის დასაქმების პერსპექტივების ზრდას შეუწყობს ხელს", - განმარტავენ ბანკში.
ცნობისთვის, პროკრედიტ ბანკი მცირე და საშუალო ზომის საწარმოების კომპლექსურ მომსახურებაზე ორიენტირებული ერთ-ერთი წამყვანი ბანკია საქართველოში, რომელიც ფიზიკურ და იურიდიულ პირებს საბანკო პროდუქტების სრულ სპექტრს სთავაზობს. ბანკმა საქართველოში ფუნქციონირება 1999 წელს დაიწყო და ამჟამად ქვეყნის მასშტაბით 58 ფილიალი აქვს გახსნილი. ბანკი საერთაშორისო პროკრედიტ ჯგუფის წევრია, რომელიც წარმატებით ფუნქციონირებს აღმოსავლეთ ევროპის თერთმეტ, ლათინური ამერიკის შვიდ და აფრიკის სამ ქვეყანაში. პროკრედიტ ჯგუფს სათავეში უდგას სს პროკრედიტ ჰოლდინგი (მაინის ფრანკფურტი, გერმანია).
პროკრედიტ ბანკს საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტოსგან Fitch Ratings მინიჭებული აქვს BB- რეიტინგი, რომელიც საქართველოში ყველაზე მაღალი შესაძლო რეიტინგია.
2011 წლის აპრილის მდგომარეობით, პროკრედიტ ბანკის აქტივებმა 483 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. დღესდღეობით "პროკრედიტ ბანკი, საქართველოს" მომსახურებით 346,000-მდე კლიენტი სარგებლობს.