2 ივნისიდან რუსთავის შესასვლელში კომპანია „იბერია ბიზნეს ჯგუფის" მიერ აშენებული თანამედროვე სტანდარტების მქონე ავტობაზრობა - „კავკასიის ავტო ცენტრი" ამუშავდება.
ობიექტს, რომლის მშენებლობაშიც „იბერია ბიზნეს ჯგუფმა" 4 მილიონი ლარი ინვესტიცია განახორციელა, საზეიმო ვითარებაში, მოწვეულ სტუმრებთან ერთად, საქართველოს პრემიერ მინისტრი ნიკა გილაური და კომპანიის მენეჯმენტი ხუთშაბათს, 13.00 საათზე გახსნიან. ღონისძიების ფარგლებში გაიმართება სპეციალური აკრობატული ნომერი და მანქანების უახლესი მოდელების პრეზენტაცია.
„იბერია ბიზნეს ჯგუფის" ინფორმაციით, ავტობაზრობა რეგისტრაციის მოქნილი პირობებით და დაბალი ფასებით რეგიონში კონკურენციის გარეშე იქნება, ხოლო პირველი ორი კვირა მომხმარებლებს უფასოდ მოემსახურება. ავტობაზრობა და მისი დამხმარე ნაგებობები 46 000 კვადრატულ მეტრზეა გაშლილი. ტერიტორია 4 ზონად და ერთ ტერმინალად იქნება დაყოფილი და ჯამში 2000 მანქანას მოემსახურება. ობიექტზე სამშენებლო სამუშაოები პრაქტიკულად დასრულბულია, თუმცა წლის ბოლომდე იქ ამერიკული სტანდარტების ობიექტებიც აშენდება - ამერიკული ფრენჩაიზი "პრესიჟენ ავტო სერვისი" - მულტიბრენდული საავტომობილო სერვის ცენტრი, რაც მომხმარებელს საშუალებას მისცემს საქართველოსთვის აქამდე უპრეცედენტო მომსახურება ადგილზე მიიღოს. ამასთანავე, მომხარებელს შეეძლება ადგილზე შეამოწმოს მანქანის ტექნიკური გამართულობა, ისარგებლოს სხვადასხვა წამყვანი ბანკების მომსახურებით, შეიძინოს მანქანისთვის სათადარიგო ნაწილები, განაბაჟოს მანქანა და მიიღოს მრავალი დამატებითი სერვისი „იბერია ბიზნეს ჯგუფისაგან".
„გარდა მეორადი ავტომობილებისა, ავტობაზრობის ტერიტორიაზე გაიყიდება ახალი ავტომობილებიც. ჩვენი კომპანია ავტობაზრობის მომხმარებელს მუდმივად გაუკეთებს სპეციალურ შეთავაზებებს ისეთი ბრენდების სერვის მომსახურებაზე, როგორებიცაა VOLKSWAGEN, AUDI, SKODA, MITSUBISHI, RENAULT, NISSAN, INFINITI, PEUGEOT და KIA,"-აცხადებს „იბერია ბიზნეს ჯგუფის" პრეზიდენტი ტარიელ ხეჩიკაშვილი.
როგორც „იბერია ბიზნეს ჯგუფში" განმარტავენ, ბაზრობაზე შესვლის წესები მარტივია და სრულიად ახალი საქართველოსთვის. მომხმარებელს შესვლისას გადაეცემა სპეციალური ბარათი, რომელიც დააფიქსირებს მომხარებლის შესვლის თარიღს, ადგილსა და შემდეგ გასვლის დროს.
ავტობაზრობაზე რამდენიმე სწრაფი კვების ობიექტიც განთავსდება. ხოლო მათთვის ვინც ავტომობილის შესაძენად მეზობელი ქვეყნიდან არის ჩამოსული, ბაზრობის ტერიტორიაზევე განთავსებულია სასტუმრო. რაც შეეხება ვებგვერდს, იგი უკვე მზადების პროცესშია და ივნისის ბოლოდან ავტომობილის შეძენისა და გაყიდვის მსურველებს ამ სერვისით სარგებლობაც შეეძლებათ.
"იბერია ბიზნეს ჯგუფი" (IBG) 1999 წელს შეიქმნა. 2001 წლიდან კი გაერთიანებულ ძლიერ სავაჭრო ინდუსტრიულ ჰოლდინგს წარმოადგენს. დღეისათვის IBG მოიცავს, როგორც საავტომობილო სფეროს, ასევე მაღალი მოდის მაღაზიებს და საფეხბურთო სკოლა ოლიმპს. საქართველოში IBG ისეთი ბრენდების ოფიციალური წარმომადგენელია როგორებიცაა ფოლკსვაგენი, აუდი, შკოდა, რენო, ნისანი, მიცუბიში, პეჟო და კია.