ENG / RUS       12+

The New York Times: დიდი ალბათობით, ბაღაფშის გარდაცვალებას აფხაზეთის ხელისუფლებისთვის კონკურენცია მოჰყვება

აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტის, სერგეი ბაღაფშის გარდაცვალებას The New York Times ეხმაურება. სტატიის ქართულ ვერსიას "foreignpress.ge" ავრცელებს.

„სერგეი ბაღაფში, რომელიც შავი ზღვის სანაპიროზე მდებარე ანკლავს, აფხაზეთს ხელმძღვანელობდა და ძალისხმევას არ იშურებდა საქართველოსგან დამოუკიდებლობის მოპოვებისთვის ისე, რომ ის რუსეთს არ გადაეყლაპა, კვირას მოსკოვში გარდაიცვალა. ის 62 წლის იყო", - წერს გამოცემა.

მასალის ავტორი, სტატიაში სერგეი ბაღაფშის განვლილ ცხოვრებაზეც საუბრობს და მისი ბიოგრაფიიდან საინტერესო ფაქტები მოჰყავს.

„ბ-ნი ბაღაფშის (ადამიანის, რომელიც აფხაზეთს პრეზიდენტის რანგში ხელმძღვანელობდა) მეგობრული მანერის უკან მოჭადრაკის სტრატეგიული აზროვნება იმალებოდა, თვისება, რომელიც მან პოსტსაბჭოთა პერიოდში ნაციონალისტური გადატრიალების დროს მანევრირებისას გამოიყენა. მართლია ის თავად ეთნიკური აფხაზი იყო, თუმცა ცოლად ქართული ოჯახის წარმომადგენელი მოიყვანა და მეუღლის ნათესავებთან კარგ ურთიერთობას ინარჩუნებდა იმ პერიოდშიც, როდესაც 1990-იანი წლების დასაწყისში აფხაზეთის სეპარატისტული ომმა რეგიონი საქართველოს დააშორა", - აღნიშნავს სტატიის ავტორი.

მისივე შეფასებით, 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომი ბაღაფშის გამარჯვება იყო, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში კრემლსა და ყველა სხვა მთავრობებთან, აფხაზეთის დამოუკიდებელ სახელმწიფოდ აღიარებას ლობირებდა.

„ზღვის ვიწრო სანაპირო ზოლს, რომელიც ერთ დროს საბჭოთა ნომენკლატურის ან მმართველი ელიტის დასვენების საყვარელი ადგილს წარმოადგენდა, დღეს რუსეთის არმია იცავს და ბატონ ბაღაფშს მოსკოვში, როგორც ნამდვილ სახელმწიფო მეთაურს ისე იღებდნენ. მაგრამ ის, იმაზე რთულ ვითარებაში აღმოჩნდა, ვიდრე წარმოიდგენდა... აგვისტოს ომის შემდეგ, აფხაზური საზოგადოება - და ესეც ბაღაფშის ტრაგედია იყო - იმაზე მეტად გაიხლიჩა, ვიდრე ოდესმე", - წერს The New York Times-ი.

ამასთან, გავლენიანი გამოცემა ვარაუდობს, რომ დიდი ალბათობით, ბაღაფშის გარდაცვალებას აფხაზეთის ხელისუფლებისთვის კონკურენცია მოჰყვება, მაშინ როცა რუსეთი და საქართველო ყველა საშუალებით იბრძვიან რათა პირდაპირ მიუწვდებოდეთ ხელი მომდევნო ლიდერზე.

„ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნების კანდიდატებს შორის (არჩევნები სამ თვეში გაიმართება) როგორც ჩანს იქნებიან, პრემიერ-მინისტრი სერგეი შამბა, რომელიც მხარს უჭერს „მულტივექტორულ" საგარეო პოლიტიკას, რაც მოიცავს ალიანსებს თურქეთთან და დასავლეთთან; ვიცე-პრეზიდენტი ალექსანდრე ანქვაბი, ბ-ნი ბაღაფშის ახლო მოკავშირე; და რაულ ხაჯიმბა, „კაგებეს" ყოფილი ოფიცერი, რომელმაც დატოვა მთავრობა, რათა ოპოზიციურ პარტიას ჩადგომოდა სათავეში", აღნიშნულია სტატიაში.

მასალის ავტორი, აღნიშნულის კონტექსტში იმასაც აცხადებს, რომ აფხაზური პოლიტიკის მართვა რთულია, რაც უკვე დადასტურდა.

„2004 წელს, რუსეთმა თავისი რესურსები ბ-ნ ხაჯიმბასკენ მიმართა: მის მხარდასაჭერად აფხაზეთში პოპ ვარსკვლავები უფასო კონცერტის გასამართად ჩაფრინდნენ; ბილბორდებზე ხაჯიმბას და იმ დროს რუსეთის პრეზიდენტის ბ-ნი პუტინის ერთად გადაღებული ფოტოები გამოჩნდა; რუსი კანონმდებლები იმუქრებოდნენ, რომ აკრძალავდნენ მანდარინის იმპორტს, რომელიც ამ ტერიტორიის ეკონომიკური გადარჩენის საშუალება გახლდათ. ამავდროულად, ბ-ნი ბაღაფშის ოპონენტებმა ივარაუდეს, რომ ის გააღმავებდა თბილისიდან ზეწოლას, რადგან ქართველი მეუღლე ჰყავდა. ბ-ნმა ბაღაფშფმა მაინც გაიმარჯვა. რუსეთმა იმპორტი დაბლოკა და საზღვართან ტონობით მანდარინი დალპა. ბაღაფში საპრეზიდენტო შტაბ-ბინისკენ გაემართა და ხაჯიმბასთან კოალიციური მთავრობის ფორმირებაზე მოლაპარაკებები დაიწყო. ამ სასტიკ პოლიტიკურ ომს ორი წლის წინანდელ ინტერვიუში, ბაღაფში შედარებით მშვიდად იხსენებდა. „მე მესმოდა, რომ ეს იყო პოლიტიკა, ის გაივლიდა და მე მართალი აღმოვჩნდი", - თქვა მან. „ყველა ის ადამიანი, რომელიც მე მლანძღავდა, მაფიოზს და ბანდიტს მეძახდა - დღეს ჩემი მეგობარია", - ნათქვამია სტატიაში.

ავტორი: . .