ENG / RUS       12+

ირაკლი სესიაშვილი: ხელისუფლებისადმი შიში არსებობს, მაგრამ კონსოლიდაციის მუხტი უფრო მაღალია

რესპოდენტის შესახებ

5 გარდაცვლილი და 90-მდე დაკავებული - ეს არის დამოუკიდებლობის დღეს, დამოუკიდებელი ხალხის დარბევის ტრაგიკული ღამის ოფიციალურად დასახელებული შედეგი. გაცილებით გრძელია სახალხო დამცველის მონიტორინგის შედეგად გამოქვეყნებული სია, რომელიც 152 დაკავებულისა და რამდენიმე ათეული დაკარგულ იმომიტინგისგან შედგება, მაშინ, როცა თავად შინაგან საქმეთა სამინისტრო დაკარგულად არც ერთ მოქალაქეს არ განიხილავს...

- ბატონო ირაკლი, პირველი შეფასება, რომელმაც 26 მაისის აქციის დაშლის შემდეგ ოპოზიციონერი პოლიტიკოსების მხრიდან გაიჟღერა, იყო ის, რომ ხელისუფლებამ მომიტინგეების წინააღმდეგ არაპროპორციული ძალა გამოიყენა. არის თუ არა ეს ასე და რამდენად შესაძლებელი იყო იმ ღამით რუსთაველზე განვითარებული მოვლენების უმსხვერპლოდ დასრულება?

- რა თქმა უნდა, შესაძლებელი იყო და ხელისუფლებას ნებისმიერ შემთხვევაში ყველაფერი უნდა გაეკეთებინა იმისთვის, რომ აქციის დაშლა არ დასრულებულიყო ისეთი კატასტროფული შედეგით, როგორიც მივიღეთ: გვყავს რამდენიმე გარდაცვლილი, გვყავს დაკარგულები, ნაცემი, ნაწამები ადამიანები, დაინვალიდებულები... აქედან გამომდინარე, ერთმანეთს ის საბაბი რომ შევადაროთ, რითაც ხელისუფლება მოქმედებდა (მხედველობაში მაქვს აღლუმის ჩატარება) და მსხვერპლი და შედეგი, რაც მივიღეთ, არის აბსოლუტურად არაპროპორციული. ამ გადაწყვეტილებამ, როგორც პოლიტიკურმა გადაწყვეტილებამ, მოგვიტანა უმძიმესი შედეგი. ამიტომაც მიმაჩნია, რომ, პირველ რიგში, პოლიტიკური პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროს ყველა იმ ადამიანს, ვინც დარბევის გადაწყვეტილება მიიღო.

რაც შეეხება უშუალოდ მიტინგის დაშლას, შევხედოთ რა სტრატეგიით მოქმედებდა სპეციალური დანიშნულების რაზმი. მათი სტრატეგია და პოლიტიკური მიზანი იყო ის, რომ ყველა მომიტინგეს, აქციის ორგანიზატორ პოლიტიკურ ჯგუფსა თუ ორგანიზაციას დაენახა, რომ ხელისუფლება გაუსწორდება ყველას, ვინც მოინდომებს რევოლუციური სცენარებით მოქმედებას, მათ შორის ძალადობრივი გზებით. ჩანდა კიდეც, რომ სამართალდამცველების მიზანი იყო, არა უბრალოდ დაეშალათ აქცია და მიეღწიათ ტერიტორიის გასუფთავებისთვის, არამედ მათი მიზანი და შესაბამისი სტრატეგია იყო, მოწინააღმდეგე ალყაში მოექციათ და პირობითად გაენადგურებინათ. პირობით განადგურებაში არ იგულისხმება მათი დახოცვა და მოკვლა. მხედველობაში მაქვს მათი დაკავება, ტერიტორიიდან ძალადობრივად გაყვანა, მათი დაშინება და ა.შ.. როცა დაშლის პროცესში სამართალდამცველები მოქმედებენ ე.წ. ალყის პრინციპით, ფაქტია, რომ საქმე გვქონდა არა ტერიტორიის გასუფთავებასთან, არამედ მოწინააღმდეგეების განადგურებასთან, დაპატიმრებასთან. თუ დავსვამთ შეკითხვას, რატომ მოიქცა ხელისუფლება ასე? იმიტომ, რომ შეეშინდა - თუ აქციის ძალადობრივი გზით გამოყენებით დაშლა არ მოხდებოდა, დიდი ალბათობა არსებობდა, რომ აქციის მონაწილეები იმ დღესვე ან მეორე დღესვე შეკრებილიყვნენ და საპროტესტო აქციები გაეგრძელებინათ, რასაც შეიძლებოდა ხელისუფლებისთვის საშიში ფორმები მიეღო.

- თქვენ ე.წ. ალყის სტრატეგიას აკრიტიკებთ. ფიქრობთ, რომ თუნდაც ერთი მიმართულებით გზის გახსნით, რაც მომიტინგეებს გაქცევის საშუალებას მისცემდა, ძალადობისა და ქაოსის თავიდან აცილება იქნებოდა შესაძლებელი?

- როცა დაშლის ოპერაცია დაიწყო და წყლის ჭავლის გამოყენება მოხდა, დავინახეთ, რომ მომიტინგეებმა დაშლა დაიწყეს და უკან იხევდნენ. ასე რომ, ყველა საფუძველი არსებობდა იმისა, რომ მათი დაშლა ყოველგვარი ძალადობისა და ქაოსის გარეშე მომხდარიყო. თუმცა იმდენად, რამდენადაც სამართალდამცავმა ორგანოებმა გამოიყენეს ალყის სტრატეგია, მომიტიგეები იძულებულნი გახდნენ ალყის გარღვევა მოეხდინათ და თავისუფალი გასასვლელი ეპოვათ. ხელისუფლებას რომ მიზანმიმართულად არ დაერბია აქციის მონაწილეები და მათთვის უფლება მიეცა, გასცლოდნენ ტერიტორიას, ისინი, მარტივად რომ ვთქვათ, წასასვლელს იპოვიდნენ და დაიშლებოდნენ. ვფიქრობ, ერთი მიმართულებიდანაც რომ წამოსულიყო სპეცრაზმი, ის ყოველგავრი პანიკის გარეშე შეძლებდა აქციის მონაწილეების დაშლას და თუ მომიტინგეები რაიმე ძალადობას მიმართავდნენ, ასეთ შემთხვევაში შეეძლოთ მათი დაკავება მოეხდინათ, ოღონდ დაეკავებინათ მხოლოდ ის, ვინც დანაშაულს სჩადიოდა და არა განურჩევლად ყველა.

- 26 მაისიდან მოყოლებული შინაგან საქმეთა სამინისტრო ყოველდღიურად აქვეყნებს აუდიო-და ვიდეო მასალას, რომელთა მიხედვითაც, „სახალხო კრება" სახელმწიფო გადატრიალების გეგმას ამზადებდა. ამას ემატება ის, რომ მთავარმა პროკურატურამ ბადრი ბიწაძის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრა. რამდენად მოსალოდნელია, დაჭერების სერია დაიწყოს?

- საქმე ისაა, რომ ხელისუფლებამ, ფაქტობრივად, უკან დასახევი გზა მოიჭრა. იმით, რომ მან წინასწარი პოლიტიკური განცხადებებებით „სახალხო კრება" რუსეთთან კავშირში დაადანაშაულა, ჩიხში მოიქცია თავი. თუ ასეთი განცხადებების შემდეგ ხელისუფლება ვინმეს არ დაიჭერს და კონკრეტულ ბრალდებას არ წაუყენებს, ეს დაადასტურებს, რომ ის, უბრალოდ, ცრუოდა, როცა ასეთ განცხადებას აკეთებდა და რა თქმა უნდა, ეს არასერიოზულად იქნება აღქმული საზოგადოების მხრიდანაც. აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, ამ ყველაფერს რამდენიმე პირის თავისუფლება შეეწირება და დაჭერები აუცილებლად დაიწყება. წინააღმდეგ შემთხვევაში, ხელისუფლება აღმოჩნდება საკუთარი პოლიტიკური განცხადებების მსხვერპლი, რითაც დადასტურდება, რომ ის, უბრალოდ, იტყუებოდა.

სხვათა შორის, გაუმართლებელია პრეზიდენტის მხრიდან გაკეთებული ის განცხადება, რომელშიც აქციის გარკვეული ორგანიზატორები რუსეთთან კავშირში დაადანაშაულა. ვფიქრობ, ამით დაირღვა უდანაშაულობის პრეზუმფცია. სააკაშვილის ეს განცხადება პირდაპირ მიანიშნებს მისი მხრიდან სასამართლო ხელისუფლებასა და სამართალდამცველ ორგანოებზე ზეწოლაზე.

- რაც შეეხება აქციის დარბევის შედეგად გაუჩინარებულ ირაკლი ბათიაშვილს, რომელიც, როგორც აღმოჩნდა, 2 დღე-ღამის განმავლობაში კინოთეატრ „რუსთაველის" შენობის სახურავზე იმალებოდა: რამდენად დამაჯერებელია ბათიაშვილის ეს მონაყოლი იმ კონტექსტში, როცა პარლამენტის შენობის წინ 26 მაისს აღლუმი ჩატარდა და, ალბათ, იქამდე ტერიტორია საგულდაგულოდ შემოწმდა...

- როდესაც აღლუმის ჩატარებიდან რამდენიმე დღის შემდეგ იქმნება ისეთი სურათი, რომ თურმე ბათიაშვილი და აქციის რამდენიმე მონაწილე კინოთეატრ „რუსთაველის" სხვენზე იმალებოდა, რასაც ემატება მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლის ეზოსა და მეტროსადგურ „თავისუფლების მოედნის" მოპირდაპირე მხარეს მდებარე მაღაზიის სახურავზე გვამების აღმოჩენა, ეს თავისთავად ნიშნავს იმას, რომ სააკაშვილის უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელობის პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დაისვას. აღლუმის ჩატარებამდე მიმდებარე ტერიტორია თავიდან ბოლომდე უნდა ყოფილიყო შემოწმებილი და უსაფრთხოების ზომები დაცული, რაც, როგორც ჩანს, არ გაკეთებულა. უსაფრთხოების სამსახურს პარლამენტის ყველა ახლომდებარე ტერიტორია რუსთაველის გამზირის მომიტიგეებიდან გაწმენდისთანავე უნდა შეემოწმებინა და დაეთვალიერებინა, ხომ არ იყო იქ რაიმე ტიპის კანონსაწინააღმდეგო ნივთიერება ან პირი, რომელსაც შეეძლო საფრთხე შეექნა აღლუმის ჩატარებისა და იმ მაღალჩინოსნების უსაფრთხოებისთვის, რომლებიც ღონისძიებას ესწრებოდნენ, მათ შორის, უპირველესად, პრეზიდენტისთვის.

- დაბოლოს, თქვენ ახსენეთ, რომ აქციის ძალისმიერი მეთოდით დარბევის ერთ-ერთი მიზანი იყო საპროტესტოდ განწყობილ ელექტორატში საპროტესტო მუხტის ჩახშობა და ის, რომ მათ ქუჩაში გამოსვლა მომავალში აღარ გაებედათ. როგორ ფიქრობ, ხელისუფლების ეს მიზანი მიღწეულია?

- ხელისუფლების მოქმედებამ გარკვეული შედეგი გამოიღო, რადგან მიტინგი იმ შემადგენლობით, რა შემადგენლობითაც იმართებოდა, მეორე დღეს აღარ გაგრძელებულა. თუმცა ხელისუფლება ყოველთვის მოკლევადიანი გეგმით მოქმედებს და მას არ აქვს უნარი, საშუალოვადიან ან გრძელვადიან პერსპექტივაზე იფიქროს. დარწმუნებული ვარ, გრძელვადიან პერსპექტივაში, შეთხელდება იმ ადამიანების რიგი, რომლებიც, ასე თუ ისე, ამართლებენ ხელისუფლების პოლიტიკას. ამასთან, შეიძლება გააქტიურდეს ის საზოგადოებაც, რომელსაც ჰქონდა ხელისუფლების მიმართ პროტესტი, მაგრამ აქამდე არ გამოხატავდა, იმდენად, რამდენადაც, გარკვეულწილად ეშინოდა. თუმცა 26 მაისის ღამის შემდეგ, ბევრმა მათგანმა დაინახა, რომ ხელისუფლება მათაც მიადგება სახლებში. ამიტომაც იყო, რომ არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ რამდენიმე დღის წინ გამართულ სოლიდარობის აქციაზე მოვიდა ბევრი ისეთი ადამიანი, რომელიც შეიძლება პირველად გავიდა აქციაზე. ამ ადამიანებს აღარ აქვთ სურვილი, იცხოვრონ შიშში. შიში არსებობს, მაგრამ კონსოლიდაციის მუხტი უფრო მაღალია.

სააგენტო „ჯი-ეიჩ-ენი", ესაუბრა ლელა ბაღდავაძე

ავტორი: . .