26 მაისს, საქართველოს დაუმოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ეროვნული საინვესტიციო სააგენტოსთან ერთად გეგმავს ქვეყნის საინვესტიციო კლიმატის პრეზენტაციას მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში.
ავსტრიის დედაქალაქი მასპინძლობს ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ და ცნობილ უძრავი ქონების გამოფენას "რიალ ვენა 2011". საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტო მონაწილეობს უძრავი ქონების გამოფენაში და წარმოადგენს მიმდინარე საინვესტიციო პროექტებს აღნიშნულ სფეროში. მონაწილე ქვეყნებს შორის არიან ავსტრია, ნიდერლანდები, გერმანია, შვეიცარია, პოლონეთი, აშშ, რუმინეთი, ჩეხეთი, ბულგარეთი და სხვა ქვეყნები.
დაგეგმილია ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ვერა ქობალიას ვიზიტი გერმანიაში, რომლის ფარგლებშიც მინისტრი მონაწილეობს ტრანსპორტის კონფერენციაში ლაიპციგში და ხვდება გერმანიის ტრანსპორტისა და ტექნოლოგიების მინისტრის მოადგილეს, ასევე ბუნდესტაგის ეკონომიკისა და ტექნოლოგიების კომიტეტის თავმჯდომარეს. ქობალია შეხვედრებს გამართავს ქ. ბერლინში გერმანული ბიზნესწრეების წარმომადგენლებთან და საქართველოში არსებული საინვესტიციო გარემოს პრეზენტაციას გააკეთებს.
26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, საქართველოს საინვესტიციო სააგენტო და საქართველოს საელჩო ინდოეთში აწყობს ქართული ღვინის დღეს. საინვესტიციო სააგენტოს ექსპორტის ხელშეწყობის სამსახურის ორგანიზებით ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებს ქართული ღვინის სამი კომპანიის: "თბილღვინოს~, "ბაგრატიონის~ და "ვაინმენის~ წარმომადგენელი და მოეწყობა ქართული ღვინის დეგუსტაცია. ინდოელ სტუმრებს უმასპინძლებს ქართული ფოლკლორული ანსამბლი "ჩვენებურები", წარმოდგენილი იქნება ქართველი მზარეულის მიერ მომზადებული ტრადიციული კერძები. საზეიმო მიღების მთავარ მიზანს ქართული კულტურის, სამზარეულოს და ქართული პროდუქციის პოპულარიზაცია წარმოადგენს. მიღებაზე მოწვეულნი არიან ინდოეთის მთავრობის წევრები, ბიზნესმენები, რომლებიც უკვე მუშაობენ საქართველოსთან და ის ბიზნესმენები, რომლებიც დაინტერესებულნი არიან თანამშრომლობით.
27 მაისს დელიში საინვესტიციო სააგენტოს დირექტორი შეხვდება სასტუმროების სექტორში მომუშავე ბიზნესმენებს და საქართველოში არსებული უძრავი ქონების სექტორში და ტურისტულ ინფრასტრუქტურაში არსებული საინვესტიციო შესაძლებლობების პრეზენტაციას გააკეთებს.
27 მაისს უკრაინის დედაქალაქ კიევში გაიმართება საქართველოს საინვესტიციო კონფერენცია, რომლის ორგანიზატორებიც არიან საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტო, საქართველო-უკრაინის ბიზნესკლუბი, "ბი ჯი კაპიტალი" და "რაკია ჯორჯია ფოთის თავისუფალი ინდუსტრიული ზონა". ღონისძიებას დაეწრებიან უკრაინის წამყვანი კომპანიებისა და სამთავრობო წრეების წარმომადგენლები, რომელთაც სიტყვით მიმართავს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველი მოადგილე არჩილ კეკელია და გააცნობს ქვეყნის საინვესტიციო კლიმატს.
30-31 მაისს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ეწვევა ოსლოს, სადაც შეხვდება ნორვეგიის ტრანსპორტისა და კომუნიკაციის, ასევე ნავთობისა და ენერგეტიკის მინისტრებს. ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია ოსლოს სავაჭრო-სამრეწველო პალატაში საქართველო-ოსლოს ბიზნესფორუმის ორგანიზება.