ჰიდროელექტროსადგური "ხადორი 2"-ის მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიის რაოდენობა გაიზრდება. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდს, "თი-ბი-სი" ბანკსა და "ვი-თი-ბი" ბანკს შორის ხელი მოეწერა ხელშეკრულებას, რომლის თანახმადაც, სამინისტრო ბანკებისთვის 2,200,000 ევროს დაბალ პროცენტიანი, შეღავათიანი სესხის სახით გადასცემს. აღნიშნული თანხა "ხადორი 2" ჰესის სარეაბილიტაციო სამუშაოს მოხმარდება.
აღნიშნული ჰესი ამჟამად საათში 1.6 მეგავატ სიმძლავრეს გამოიმუშავებს, რეაბილიტაციის დასრულების შემდეგ კი ეს რაოდენობა 5.4 მეგავატამდე გაიზრდება, რაც ჰიდროელექტროსადგურში 2 ახალი აგრეგატის დამონტაჟებითა და არსებული დანადგარების რეაბილიტაციის საშუალებით იქნება შესაძლებელი. მუნიციპალური განვითარების ფონდსა და ბანკებს შორის ხელშეკრულება, საქართველოს მთავრობასა და გერმანიის განვითარების ბანკს (KFW) შორის გაფორმებული იმ დოკუმენტის თანახმად დაიდო, რომელიც მცირე ჰესების გასავითარებლად საქართველოსთვის გრანტის სახით 5.1 მლნ. ევროს გამოყოფას ითვალისწინებს.
ხელშეკრულებას ხელი მოაწერეს მუნიციპალური განვითარების ფონდის დირექტორმა ლევან ჭიჭინაძემ, თი-ბი-სი ბანკის დირექტორის მოადგილემ მარიამ მერვინეთუხუცესმა და ვი-თი-ბი ბანკის დირექტორმა არჩილ კონცელიძემ. ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი რამაზ ნიკოლაიშვილი და ენერგეტიკის მინისტრი ალექსანდრე ხეთაგური, ასევე, გაეროს, გარემოს დაცვის სამინისტროს, გერმანიის საელჩოს და KFW განვითერბის ბანკის წარმომადგენლები.