საზოგადოების იმ ნაწილს, რომელმაც ხელისუფლებას შეკითხვების ნუსხა გადაუგზავნა, პირადად პრეზიდენტი სააკაშვილი უპასუხებს. ამის შესახებ "ჯი-ეიჩ-ენს" პრეზიდენტის პრესსპიკერმა მანანა მანჯგალაძემ განუცხადა. მისი თქმით, შეკითხვები უპასუხოდ არ დარჩება.
"შეკითხვები ჯერ ჩვენამდე არ მოსულა, თუმცა როგორც კი მისი გაცნობის საშუალება გვექნება, მასზე ალბათ, პრეზიდენტი თავის პოზიციას პირადად დააფიქსირებს. შეკითხვები პასუხის გარეშე არ დარჩება", - განუცხადა "ჯი-ეიჩ-ენს" მანჯგალაძემ.
შეგახსენებთ, რომ ხელისუფლებას საზოგადოების ერთმა ნაწილმა გუშინ შეკითხვები გაუგზავნა. "ვთვლით რა, რომ საქართველოს სახელმწიფოსა და მართლმადიდებელ ეკლესიას შორის ურთიერთობა წინააღმდეგობაში მოდის სეკულარული სახელმწიფოს ძირეულ პრინციპებთან, ჩვენ, მოქალაქეები, შეშფოთებას გამოვთქვამთ და მოგმართავთ რამდენიმე კითხვით. მიგვაჩნია, რომ ამ კითხვებზე პასუხების გაცემა მნიშვნელოვანია ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისა და კანონის უზენაესობის დამკვიდრებისთვის", - ნათქვამია შეკითხვების ავტორთა განცხადებაში, რომელსაც ხელს 235 ადამიანი აწერს.
რაც შეეხება უშუალოდ შეკითხვებს, შემდეგია: 1. რატომ არ იღებთ კანონს ლუსტრაციის შესახებ, რომელიც გავრცელდება, როგორც პოლიტიკურ, ასევე სასულიერო პირებზე?
2. საქართველოს კონსტიტუცია აღიარებს სახელმწიფოსა და ეკლესიის ურთიერთდამოუკიდებლობას, ეფუძნება სახელმწიფოს საეროობის პრინციპს და კრძალავს დისკრიმინაციას რელიგიური ნიშნით. სახელმწიფო ბიუჯეტი ივსება როგორც საქართველოს მართლმადიდებელი მოქალაქეების, ასევე სხვა აღმსარებლობის მიმდევარი (მუსლიმები, იუდეველები, სომხური სამოციქულო ეკლესიის აღმსარებლები, კათოლიკეები, იეზიდები, ბაბტისტები, ორმოცდაათიანელები, იაჰოვას მოწმეები და სხვ.), ათეისტი და არარელიგიური მოქალაქეების გადასახადებით. მიგაჩნიათ თუ არა, რომ ამ ფონზე, პრეზიდენტისა და მთავრობის სარეზერვო ფონდებიდან, ასევე საბიუჯეტო სახსრებიდან (25 მილიონი - 2009 წელს) მართმადიდებელი ეკლეესიის დაფინანსება არის დისკრიმინაცია და სახელმწიფოს ჩარევა ეკლესიის საქმიანობაში?
თვლით თუ არა ზემოაღნიშნული პრინციპების დარღვევად მთავრობის სარეზერვო ფონდიდან საპატრიარქოს ტელემაუწყებლობის ტელეარხ „ერთსულოვნების" დაფინასებას?
3. რა მიზანს ემსახურებოდა და რამდენად კანონიერი იყო 2008 წლის თებერვალში, საპარლამენტო არჩევნების წინ, საპატრიარქოს მაღალი იერარქებისთვის ძვირადღირებული ჯიპისა და პიკაპის ტიპის 30-მდე ავტომობილის გადაცემა?
4. რამდენად კანონიერად მიმდინარეობს სახელმწიფოს მიერ საქართველოს საპატრიარქოსთვის დიდი რაოდენობით უძრავი ქონების, შენობა-ნაგებობების, ტყეების და სასოფლო-სამეურნეო მიწების, გადაცემა?
5. რატომ არ უბრუნდებათ სხვა რელიგიურ გაერთიანებებს საბჭოთა პერიოდში ჩამორთმეული ქონება, ისე როგორც ეს ხდება მართლმადიდებელი ეკლესიის შემთხვევაში?
6. რატომ არის მხოლოდ მართმადიდებელი ეკლესია გათავისუფლებული გადასახადებისაგან, და რატომ არ სარგებლობენ ანალოგიური პრივილეგიით სხვა რელიგიური გაერთიანებები?
7. სახელმწიფოსა და საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას შორის გაფორმებულია დისკრიმინაციული შეთანხმება, რომლის საფუძველზეც საპატრიარქოს ექსკლუზიურად ენიჭება სხვა აღმსარებლობის სასულიერო პირებისთვის სასჯელაღსრულების დაწესებულებებში შესვლის ნებართვის გაცემის უფლება. რატომ გრძელდება დღემდე მსგავსი დისკრიმინაციული პრაქტიკა და რატომ არ უქმდება აღნიშნული ხელშეკრულება?
8. რამდენად გამართლებულად მიგაჩნიათ პოლიტიკოსების საჯარო მონაწილეობა რელიგიურ რიტუალებში, განსაკუთრებით წინასაარჩევნო პერიოდში? რამდენად გამართლებულად მიგაჩნიათ საქართველოს პრეზიდენტის მიერ სამების საკათედრო ტაძარში ნატოს შეიარაღებული ძალების წარმომადგენლობითი დელეგაციის მიღება?
9. რამდენად გამართლებულად მიგაჩნიათ ქვეყნის პრეზიდენტის, პარლამენტის თავმჯდომარის, პარლამენტარების, მინისტრების, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლების და სახელმწიფოს სხვა მოხელეების მიერ მართმადიდებლური სიმბოლიკისა და რელიგიური რიტორიკის მუდმივი გამოყენება?
10. რატომ არ რეაგირებს ხელისუფლება მართლმადიდებელი სასულიერო პირების მიერ ჩადენილ დანაშაულებზე (მაგალითად, 2008 წელს "ჰელოუინის" აღმნიშვნელი ახალგაზრდების დარბევა დეკანოზ დავით ისაკაძისა და მისი დაჯგუფების წევრების მიერ), და 2009 წელს რელიგიური უმცირესოებების დევნასა და მათ წინააღმდეგ განხორცილებულ თავდასხმებზე?
11. რატომ არ მიეცა პასუხისგებაში ის რამდენიმე სასულიერო პირი, რომელთაც თავისუფლების აღკვეთის ადგილებში ნარკოტიკული ნივთიერებები შეჰქონდათ? რატომ გაათავისუფლეთ პირველი არხის ჟურნალისტის ცემისა და ხულიგნობის ფაქტზე დაკავებული სამი პირი საპატრიარქოს მოთხოვნის საფუძველზე? რატომ არ რეაგირებენ სამართალდამცავი ორგანოები განსხვავებული აზრისა და შეხედულებების გამო, მართმადიდებლობის ე.წ. დამცველების მხრიდან ფიზიკური ანგარიშსწორებისა და მუქარის წერილებზე და რატომ არ ხდება მათი პასუხისგებაში მიცემა?
12. რატომ დაიწყეს გამოძიება შინაგან საქმეთა სამინისტრომ და გენერალურმა პროკურატურამ კათალიკოს-პატრიარქის გამაშარჟებელი ვიდეო-რგოლების დამზადების და გავრცელების ფაქტზე, როდესაც აღნიშნული გამოხატვა დაცულია სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების საერთაშორისო სტანდარტებით, საქართველოს კონსტიტუციითა და სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ კანონით, და არ ითვალისწინებს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას? რას გულისხმობს გენერალური პროკურატურის წარმომადგენლის განცხადება: "კლიპის წარმოებაზე და გავრცელებაზე ოფიციალური გამოძიების დაწყება იმან განაპირობა, რომ კლიპების საკითხი საზოგადოებისათვის საინტერესო იყო."?
13. საქართველოს ზოგადი განათლების კანონის მიხედვით ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში აკრძალულია პროზელიტიზმი, ინდოქტრინაცია და რელიგიური სიმბოლოების არააკადემიური მიზნით გამოყენება. მიუხედავად ამისა, საჯარო სკოლებში ეს მოთხოვნები ტოტალურად ირღვევა. რატომ არ რეაგირებს ამაზე ხელისუფლება და რატომ არ უზრუნველყოფს კანონის მოთხოვნების შესრულებას?
14. თვლით თუ არა, რომ ეკლესიისა და სახელმწიფოს ურთიერთმიმართების თვალსაზრისით არსებული რეალობა საფრთხეს უქმნის სახელმწიფოს საეროობას და ქვეყანის ლიბერალურ-დემოკრატიულ განვითარებას? მიიჩნევთ თუ არა, რომ მთელი პოლიტიკური კლასის საპატრიარქოსადმი სერვილისტური დამოკიდებულება ხელს უწყობს სახელმწიფო ინსტიტუტების კლერიკალიზაციას?