ჩეჩნეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი რამზან კადიროვი აცხადებს, რომ ბოევიკების ლიდერი დოკუ უმაროვი საერთაშორისო ტერორისტი და ჩეჩენი ხალხის მტერია და იგი ნეიტრალიზებული იქნება, იმის მიუხედავად, აქვს მას კავშირი მატარებელ "ნევსკი ექსპრესის" აფეთქებასთან თუ არა. ამ განცხადებას ჩეჩნეთის პრეზიდენტის პრესსამსახური ავრცელებს.
"უმაროვი საერთაშორისო ტერორისტია, უცხო ქვეყნების სპეცსამსახურების მიერ შობილი და მას არავითარი კავშირი არა აქვს ჩეჩენ ხალხთან. მას მივწვდებით, სადაც არ უნდა იყოს. იგი პასუხს კანონის წინაშე მთელი სიმკაცრით აგებს იმ ბოროტმოქმედებებისთვის, რომლებიც ჩაიდინა", _ აცხადებს კადიროვი.
კადიროვის განცხადებით, უმაროვი არა მხოლოდ არაფრით არ რის დაკავშირებული ჩეჩენ ხალხთან, არამედ "ჩვენთვის, ისევე როგორც მთელი რუსი ხალხისთვის, ჩემთვის პირადად, უპირველესი მტერია".
"მას გამუდმებით ვეძებთ. მისი ძებნით არიან დაკავებულნი როგორც სამართალდამცავები, ისე სპეცსამსახურები. რაც შეეხება იმას, რომ თითქოს უმაროვი მატარებელ "ნევსკი ექსპრესის" აფეთქებასთანაა კავშირში, ამაში ახალი არაფერია. თავის დროზე ყველა ტერაქტზე პასუხისმგებლობას ასევე "სახელოვანი" სალმან რადუევი იღებდა", _ აცხადებს კადიროვი და დასძენს, რომ უმაროვისთვის წმინდა არაფერი არსებობს.
"არც ისაა გამორიცხული, რომ აღნიშნულ ტერაქტზე პასუხისმგებლობის აღებით უმაროვს თავისი უცხოელი მფარველების თვალში აღზევების სურვილი ჰქონდეს, იმიტომ, რომ ბოლო დროს, ჩვენი ძალისხმების გამო, მისი ბანდა სერიზულ დანაკარგებს განიცდის", _ აცხადებს კადიროვი და დასძენს, რომ გამორიცხული არც ისაა, ამ აღიარებით უმაროვს გამოძიების ყალბ კვალზე დაყენების სურვილი ჰქონდეს.