ბათუმის საკრებულოს სხდომაზე "ქრისტიან-დემოკრატებმა" ბათუმის ბულვარში მდებარე ე.წ. ეშმაკის ბორბლის სხვა ტერიტორიაზე გადატანისთვის ქალაქის ბიუჯეტიდან 2 მილიონი ლარის გამოყოფა გააპროტესტეს. უმრავლესობის წევრების განმარტებით, ატრაქციონის ადგილმონაცვლეობის მიზეზი მშენებარე სასტუმროს მფლობელის მოთხოვნაა.
ფრაქცია ,,ბათუმის" თავმჯდომარის, ნაზი ქობულაძის განცხადებით, ეს საკითხი თავიდანვე უნდა ყოფილიყო ინვესტორთან შეთანხმებული და ატრაქციონის დემონტაჟისთვის საჭირო ხარჯები მასვე უნდა გაეღო.
„ქრისტიან დემოკრატების" პროტესტი ბათუმის შესახებ დაწერილი წიგნის ეკრანიზაციის ერთი სერიისთვის ბიუჯეტიდან 18 ათასი ლარის გამოყოფამაც გამოიწვია. დანარჩენი 7 სერიის გადასაღებად ინვესტორის მოძიება იგეგმება, წინაღმდეგ შემთხვევაში დარჩენილი სერიების დაფინანსებაც ბათუმის საკრებულოს ბიუჯეტიდან მოხდება, რაც საბოლოო ჯამში 144 ათას ლარს შეადგენს.
„რატომ ვერ ხერხდება ბიუჯეტიდან ასეთი ოპერატიულობით სოციალური პროგრამებისთვის თანხების გამოყოფა? ეს უმრავლესობის მხრიდან პრიორიტეტების არასწორად განსაზღვრაზე და თანხების განიავებაზე მიუთითებს" - განაცხადა ნაზი ქობულაძემ