პოლიტოლოგ გია ნოდიას შეფასებით, ისეთ მაღალ რეიტინგზე, როგორიც საქართველოს ეკლესიას აქვს, პოლიტიკოსებმა შეიძლება მხოლოდ იოცნებონ.
"ეკლესიის ავტორიტეტს საქართველოში ურყევად მიიჩნევენ. საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვები მუდმივად აჩვენებს, რომ ეკლისიისადმი ნდობა 90%-ზე მეტია, ასეთ რეიტინგზე პოლიტიკოსებმა შეიძლება მხოლოდ იოცნებონ. პატრიარქის ილია მეორის, რომელიც ქართულ მართლმადიდებელ ეკლესიას 1977 წლიდან უდგას სათავეში, პირადი პოპულარობა განსაკუთრებულად მაღალია. შედეგად პოლიტიკოსებისთვის ეკლესიის კრიტიკა ტაბუდ იქცა და რეალურად, ისინი რეგულარულად ეჯიბრებიან ერთმანეთს საკუთარი რელიგიურობისა და პატრიარქთან ახლო ურთიერთობების დემონსტრირებაში", - წერს გია ნოდია სტატიაში, რომელიც რადიო "თავისუფლებისთვის" დაწერა.
ამასთან, განათლების ყოფილი მინისტრი აქვე იმასაც აცხადებს, რომ ეკლესია სულ უფრო მეტად ცდილობს დამოუკიდებელი პოლიტიკური როლის შესრულებას და ყურადღებას რიგი სასულიერო პირის მიერ, მათ შორის ზოგიერთ შემთხვევაში პატრიარქის მიერ გაკეთებულ ისეთ განცხადებებზეც ამახვილებს, რომლებსაც "მთავრობაში არასასიამოვნოდ" მიიჩნევენ.
"თავის მხრივ ეკლესია სულ უფრო მეტად ცდილობს დამოუკიდებელი პოლიტიკური როლის შესრულებას. ეკლესიის ბევრი წარმომადგენელი "ლიბერალურ დასავლეთს" მტრად განიხილავს, ასე რომ, ისინი, ცხადია, სწუხან პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის პროდასავლური ორიენტაციის გამო. ზოგიერთი სასულიერო პირი ღიად აქეზებს მთავრობის წინააღმდეგ თავმოყრას. პატრიარქი თავად უფრო ფრთხილი იყო, თუმცა ხანდახან ისეთ კომენტარებს აკეთებს, რომლებსაც მთავრობაში არასასიამოვნოდ მიიჩნევენ", - ნათქვამია სტატიაში.
პოლიტილოგის შეფასებითვე, პოლიტიკური ოპოზიცია ეკლესიაში პოტენციურ მოკავშირეს ხედავს. ეს აწუხებს მთავრობას, თუმცა ხელისუფალნი საჯაროდ თავს იკავებენ პროცესში საეკლესიო პირების ჩარევისგან და აგრძელებენ მართლამადიდებელი ეკლესიის სუბსიდირებას სახელმწიფო ბიუჯეტიდან.