შედარებით მშვიდი ყაბარდო-ბალყარეთი ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში ჩრდილო კავკასიის მორიგ "ცხელ წერტილად" იქცა. განსაკუთრებით აქტიურად მოვლენები იქ გასული პარასკევიდან ვითარდება, როდესაც ჩრდილოკავკასიელმა მებრძოლებმა ბოლო ხუთი წლის განმავლობაში ყველაზე მსხვილი თავდასხმა მოაწყვეს დედაქალაქ ნალჩიკზე, რამაც თავის მხრივ ყაბარდო-ბალყარეთის მნიშვნელოვან ნაწილში კონტრტერორისტული ოპერაციის რეჟიმის შემოღება განაპირობა.
არსებული ინფორმაციით, პარასკევს ოთხი-ხუთი ბოევიკისგან შემდგარმა დაახლოებით სამმა-ოთხმა ჯგუფმა ძალოვნების რამდენიმე ობიექტზე ერთდროულად იერიში მიიტანა. ერთმა ჯგუფმა ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის შენობა ნაღმმტყორცნიდან დაცხრილა, მეორემ ძალოვანი უწყების ტერიტორიაზე მდებარე სანატორიუმ "ლენინგრადის" ტერიტორიაზე ნაღმი ააფეთქა, მესამემ ავტოსაგზაო საგუშაგოები დაცხრილა და ღამით, ბოევიკების ბოლო სამიზნე "როსნეფტის" ბენზინგასამართი შენობა გახდა.
რუსული მედია აღნიშნავს, რომ მიუხედავად იმისა, რომ თავდასხმები წინასწარვე კარგად დაგეგმილი იყო სამხედრო თვალსაზრისით მათ მიზანს მაინც ვერ მიაღწიეს. შენობები არ დაზიანებულა და არც ადამიანთა შორის ყოფილა მსხვერპლი.
კონტრტერორისტული ოპერაციის მოქმედების ზონაში ტრასების გასწვრივ ჩაყენებულია გაძლიერებული დანაყოფები მძიმე ტექნიკით. თავად ნალჩიკში გაძლიერებულია უსაფრთხოების ზომები. მიმდინარეობს უკლებლივ ყველა ავტოსატრანსპორტო საშუალების დათვალიერება. დაბნელებისას კი მოქმედებს კომენდანტის საათი.
"მართალია, ძალოვნებმა ქალაქში მომხდარი დაცხრლვების შემდეგ მალევე აამოქმედეს გეგმა - "პერეხვატი" მაგრამ მაინც ვერავის დაჭერა ვერ შეძლეს", _ წერს რუსული მედია და არ გამორიცხავს, რომ უახლოეს დღეებში ყაბარდო-ბალყარეთში შესაძლოა ჩეჩნეთის მეორე ომის შემდეგ ყველაზე მსხვილი სპეცოპერაცია დაიწყოს - "თუმცა მისი წარმატება გარანტირებული სრულიად არ არის", _ წერს "ნეზავისიმაია გაზეტა". რომელიც ასევე ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ზოგადად დამდეგი გაზაფხული - ეს ტერორისტული აქტიურობის ტრადიციული დროა და გარდა ყაბარდო-ბალყარეთისა რუსეთის შს სამინისტროს შინაგან ჯარებს მოუწევთ - დაღესტნის, ჩეჩნეთის და ყარაჩაი-ჩერქეზეთის ფრონტებზე იერიშების შეკავება, სადაც ბოევიკები თავიანთი არსებობის შესახებ ისედაც ლამის ყოველდღე აკეთებენ "განაცხადს".
"ამ პირობებში ჩრდილოკავკასია ალბათ ვერ გახდება ტურისტულად მიმზიდველი რეგიონი, როგორც ამას ხელისუფლება ამტკიცებს.", _ ნათქვამია "ნეზავისიმაია გაზეტას" სტატიაში, რომლის ავტორიც ასევე აცხადებს, რომ "რეგიონში ფართომასშტაბიანი ომი მწიფდება, ხოლო ყაბარდო-ბალყარეთს კი სამოქალაქო ომი ემუქრება".
"რესპუბლიკაში ჯერაც ცოცხალია სისხლის აღების ტრადიცია და როგორც ჩანს ნალჩიკზე თავდასხმის დროს ეს ტრადიცია დაცული იყო. კერძოდ, ნალჩიკში იმ სახლების ეზოებში, სადაც ფედერალურ ძებნაში მყოფი (ყაბარდო-ბალყარეთის სასულიერო პირის მკვლელობაში ეჭვმიტანილი) ასტემიტ მამიშევისა და აზპარუხა შამაევის მშობლები ცხოვრობენ ნაღმები შეყარეს. უკვე გაჩნდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ეს - ანტივაჰაბისტურმა ორგანიზაცია "ჩორნიე იასტრებ"-მა გააკეთეს. რამდენიმე ხნით ადრე მათ ინტერნეტში განათავსეს მიმართვა და ადგილობრივი გაზეთების რედაქციებში გააგზავნეს წერილები, რომლებში გააკეთეს განცხადება იმის შესახებ, რომ ისინი მზად არიან ტერორზე პასუხის გასაცემად ბოევიკებისთვის და მათი ოჯახის წევრებისთვის. მოკლედ თუკი "ჩორნიე იასტრები" მართლაც არსებობენ - მაშინ ყაბადრო-ბალყარეთი მართლაც სამოქალაქო ომის ზღვარზე დგას", _ წერს "ნეზავისიმაია გაზეტა".