უნგრეთის პრემიერ-მინისტრ პეტერ მადიარის წინააღმდეგ გამოძალვისა და ოჯახურ ძალადობის სავარაუდო ფაქტებზე ორი საჩივარი შეიტანეს. ამის შესახებ გამოცემა Magyar Nemzet წერს. საჩივრების საფუძველი მისი ყოფილი მეუღლის, უნგრეთის იუსტიციის ყოფილი მინისტრის, იუდიტ ვარგას ჩვენებები გახდა.
გამოცემის ცნობით, მმართველი პარტია „ფიდესის“ ყოფილმა დეპუტატმა ილონა ეკეშმა მადიარის წინააღმდეგ უნგრეთის ცენტრალურ საგამოძიებო პროკურატურას მიმართა. იგი პრემიერ-მინისტრს გამოძალვასა და ოჯახში ძალადობაში ადანაშაულებს.
საჩივარში აღნიშნულია, რომ მიმართვა ეფუძნება ვარგას ჩვენებებს, რომლებიც მან მიმდინარე კვირაში აღმასრულებელ ხელისუფლებაში სავარაუდო უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების საკითხების შემსწავლელ საპარლამენტო საგამოძიებო კომისიას მისცა, ასევე მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას.
საჩივრის თანახმად, 2023 წლის იანვარში მადიარმა ყოფილ მეუღლესთან, იუდიტ ვარგასთან, მათი საერთო საცხოვრებელი სახლის პირობებში საუბარი მისი ინფორმირებისა და თანხმობის გარეშე ფარულად ჩაიწერა.
განმცხადებლის მტკიცებით, აღნიშნული ჩანაწერი მადიარმა შანტაჟისთვის 2023 წლის იანვრიდან 2024 წლის მარტამდე გამოიყენა.
საჩივარში ასევე ნათქვამია, რომ მადიარი ვარგას რეგულარულად ემუქრებოდა, რომ ჩანაწერს მის წინააღმდეგ დანაშაულის შესახებ განცხადების შესატანად გამოიყენებდა.
ილონა ეკეშის მტკიცებით, უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ყოფილ მეუღლეს „ცხოვრების დანგრევით“ ემუქრებოდა, თუ ის განქორწინების პროცედურას გააგრძელებდა ან ქონების გაყოფისა და ბავშვების საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრის ისეთ პირობებს არ დათანხმდებოდა, რომლებიც მადიარისთვის ხელსაყრელი იქნებოდა.
საჩივარში ასევე აღნიშნულია, რომ მუქარის გავლენით ვარგა იძულებული გახდა, განქორწინება გადაედო ან მისთვის არახელსაყრელ პირობებს დათანხმებოდა.
განმცხადებლის მტკიცებით, ფსიქოლოგიური ზეწოლა მეუღლეებს შორის ურთიერთობაში ფსიქოლოგიური ტერორისა და კონტროლის ფორმას წარმოადგენდა.