რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი, სავარაუდოდ, უკრაინის წინააღმდეგ ომის დასრულების შესახებ მოლაპარაკებების განახლებას მხოლოდ იმ შემთხვევაში დათანხმდება, თუ დონბასის იმ ტერიტორიებს მიიღებს, რომლებსაც ამჟამად უკრაინის არმია აკონტროლებს.
ამის შესახებ Reuters კრემლთან დაახლოებულ წყაროზე დაყრდნობით წერს.
„პუტინი მოლაპარაკებების მაგიდას მხოლოდ მაშინ დაუბრუნდება, როდესაც დონბასის დარჩენილ 11%-ს მიიღებს, რაც მას საშუალებას მისცემს, ეს ქვეყნის შიგნით გამარჯვებად წარმოაჩინოს“, - განუცხადა სააგენტოს წყარომ.
Reuters-ის ცნობით, ეს ინფორმაცია უკრაინელ ოფიციალურ პირებს აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის სპეციალურმა წარმომადგენლებმა, სტივ უიტკოფმა და ჯარედ კუშნერმა მაიამიში გამართული მოლაპარაკებების დროს გადასცეს.
სააგენტოს ცნობით, აშშ იმედოვნებს, რომ რუსული დიზელის საწვავის შესახებ შეთანხმება და უკრაინის მიერ რუსეთის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე დარტყმების შესაძლო შეწყვეტა მოსკოვს მოლაპარაკებების მაგიდასთან დაბრუნებაში დაეხმარება და პოზიციის შერბილებისკენ უბიძგებს.
გეგმის თანახმად, უკრაინის მხრიდან გარკვეული დათმობების შემდეგ ვაშინგტონს შეეძლება, რუსეთს საპასუხო ნაბიჯების გადადგმა მოსთხოვოს.