ENG / RUS       12+

ორმაგი სტანდარტი

9 აპრილს დაგეგმილი აქციებიდან თითქმის ერთი თვის შემდეგ, ოპოზიციამ მიხეილ სააკაშვილის ძალაუფლების შესუსტება ვერ მოახერხა. ხელისუფლება დისკრედიტირებული და დაბალრეიტინგულია. მაგრამ, ძლიერი. მართალია, მუხროვანის ბატალიონში არეულობა მოხდა, მაგრამ ჯარიც და პოლიციაც ზურგს ხელისუფლებას უმაგრებს.

სააკაშვილის რეჟიმი უცხოელი პოლიტიკოსების, ასევე, უცხოური მედიის მხრიდანაც მხარდაჭერილია. მაგრამ, ოპოზიციის წარმომადგენლები სააკაშვილის საერთაშორისო მხარდაჭერას არ იმჩნევენ. ისინი ცდილობენ დაასაბუთონ, რომ საქართველოს პრეზიდენტმა პოპულარობა ქვეყნის შიგნითაც და გარეთაც თანაბრად დაკარა. M

თუ ეს მართლა ასეა, მაშინ საინტერესოა, რა გახდა მიხეილ სააკაშვილის რეიტინგის ვარდნის მზეზი?

ქვეყნის შიგნით პრეზიდენტის რეიტინგი რამდენიმე მიზეზმა შეარყია _ ტერიტორიული მთლიანობის დაუსრულებელმა პრობლემამ და გაურკვევლი მომავლის შიშმა. ასევე, სიტყვიერმა დაპირებებმა, რომ:

ადამიანებს უპირველესი უფლებები _ შრომის, განათლების, ჯანდაცვის და სოციალური საკითხები მოგვარდება.

როდესაც ქვეყანაში საზოგადოებას ეს ელემენტარული უფლებები აქვს აყრილი, ღირსების აღდგენაზე, ან სამართლიანობაზე საუბარი, არასერიოზული და ხალხის მოტყუების მცდელობაა.

რაც შეეხება უცხოელ პარტნიორებს _ მათი პოზიცია საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასთან და ხელისუფლებასთან დაკავშირებით უცვლელია: ტერიტორიულ მთლიანობას აღიარებენ (თუმცა, დეფაქტო მთლიანობის აღდგენის მოლოდინსაც საზღვარი აქვს) და მიხეილ სააკაშვილს, როგორც ამ ქვეყნის ლეგიტიმურ პრეზიდენტს, ცნობენ.

სხვათა შორის, საინტერესო იქნება, ასევე, აგვისტოს ომის ოფიციალური დასკვნაც. მიხეილ სააკაშვილის მიმართ უცხოელ პარტნიორთა პოზიციებს, სავარაუდოდ, ის დააზუსტებს. არანაკლებ საინტერესოა მათი შეფასებები რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხთან მიმართებაშიც. კერძოდ:

_ მიაჩნიათ თუ არა, რომ საქართველოში ადამიანის ელემენტარული უფლებები ირღვევა. კანონის უზენაესობის, ასევე, დემოკრატიის ხარისხი კი ძალიან დაბალია.

_ მიაჩნიათ თუ არა, რომ საქართველოს მოსახლეობას აქვს უფლება საკუთარი დარღვეული უფლების აღდგენა მოითხოვოს.

_ მიაჩნიათ თუ არა, რომ ადამიანის ელემენტარული უფლებების იგნორირების შემთხვევაში, საზოგადოებას ხელისუფლების და სისტემის შეცვლის სურვილი ლოგიკურად გაუჩნდება.

_ მიაჩნიათ თუ არა, რომ თუნდაც სახელმწიფოს ჩამოყალიბების პროცესში, ადამიანის უფლებების იგნორირება დანაშაულია.

საკამათო არ არის, რომ შექმნილი კრიზისი ვერ მოგვარდება, თუ გამომწვევი მიზეზი არ გაირკვევა. ჩიხის დაძლევა რამდენიმე შემთხვევაშია შესაძლებელი. კერძოდ, როცა გაირკევეა:

_ რა კულუარული გარიგებების შედეგია დღევანდელი კრიზისი.
_ როდის, ვინ, რა ფასად და რაში გაცვალა ქვეყნის ან მოსახლეობის ინტერესები?

_ არის თუ არა საქართველოს ტერიტორია ოკუპირებული, გაყიდული თუ სულაც გაჩუქებული?
_ დაუდგა თუ არა საქართველოს ხელისუფლებას დიდი პოლიტიკურ გარიგებებში დადებული პირობების შესრულების დრო?

ამ ქვეყანაში არ არსებობს პოლიტიკური გაერთიანება, რომელიც ამ თემებზე და იმ მიზეზებზე სალაპარაკოდ იყოს მზად, რამაც ქვეყანა ჩიხში შეიყვანა.

საქართველოში დაწყებული საპროტესტო აქციების მიმართ, მოსახლეობის დიდი ნაწილის მხრიდან გამოჩენელი გულგრილობის ერთ-ერთი მიზეზი ისიც არის, რომ პოლიტიკური ფიგურებს, რომლებიც მიხეილ სააკაშვილის ჩასანაცვლებლად ემზადებიან, ფაქტებით დავის უნარი არა აქვთ. ისინი ისევე სარგებლობენ ორმაგი სტანდარტებით, როგორც მიხეილ სააკაშვილი.


"ჯი-ეიჩ-ენი", სოფო აბრამიშვილი

ავტორი: . .