უნგრეთმა მოხსნა ბლოკირება და დათანხმდა უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების შემდგომ ეტაპზე გადასვლას, მათ შორის მეორე და მესამე მოლაპარაკების კლასტერების გახსნას, რომლებსაც მანამდე ბუდაპეშტი ბლოკავდა. ინფორმაციას უკრაინული მედია ევროკავშირის საკითხებზე ინფორმირებულ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.
წყაროს ინფორმაციით, ევროკავშირის საბჭოს გაფართოების საკითხებზე მომუშავე ჯგუფმა, COELA-მ უკრაინისთვის მეორე და მესამე კლასტერების ფარგლებში ჩატარებული სკრინინგის შედეგები დაამტკიცა.
„დღეს Coreper-ის [ევროკავშირის წევრი ქვეყნების მუდმივი წარმომადგენლების კომიტეტი] სხდომაზე ევროკავშირის ქვეყნების ელჩებმა შეთანხმებას მიაღწიეს, რომ უკრაინისა და მოლდოვის მთავრობებს გაეგზავნოთ წერილები მოლაპარაკებების პოზიციების წარდგენის შესახებ“, - განაცხადა წყარომ.
მეორე კლასტერი მოიცავს „შიდა ბაზრის“, ხოლო მესამე - „კონკურენტუნარიანობისა და ინკლუზიური ზრდის“ საკითხებს.
ევროკავშირის ორივე კლასტერზე მოლაპარაკებების პოზიციის პროექტი უახლოეს დღეებში COELA-ს სხდომაზე უნდა მომზადდეს.
წყაროს თქმით, პროცედურის შემდგომი ეტაპები შესაძლოა საკმაოდ სწრაფად წარიმართოს.