უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ამერიკელ კონგრესმენებს მადლობა გადაუხადა სენატორ ლინდსი გრემის, მიერ ინიცირებული რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შესახებ კანონპროექტის მიღებისთვის.
ზელენსკის თქმით, კანონპროექტი, სხვა ნაბიჯებთან ერთად, შესაძლოა, ეფექტიანი ინსტრუმენტი გახდეს და რუსეთს ომის დასრულება აიძულოს.
„სიმბოლურია, რომ აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ „ლინდსი გრემის კანონპროექტი რუსეთისა და ირანის წინააღმდეგ სანქციების დაწესების შესახებ“ სწორედ იმ ღამეს მიიღო, როდესაც რუსეთმა უკრაინაზე მორიგი თავდასხმა განახორციელა ბალისტიკური და სხვა ტიპის რაკეტებითა და დრონებით.
კვლავ სამოქალაქო ინფრასტრუქტურა გახდა სამიზნე. დაზიანების შესახებ ინფორმაცია რვა რეგიონიდან ვრცელდება. რუსებმა სუმისა და ოდესის რეგიონებში ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურას დაარტყეს. კიევსა და ოდესაში ჩვეულებრივი საცხოვრებელი სახლები დაზიანდა. დაშავდა 10-ზე მეტი ადამიანი, მათ შორის ბავშვები. რამდენიმე მათგანი საავადმყოფოში გადაიყვანეს. ბევრ დასახლებულ პუნქტში ხანძარი გაჩნდა.
„ლინდსი გრემის“ კანონპროექტი, ისევე როგორც ჩვენი პარტნიორების მიერ ამ ომის წყაროს - რუსეთის წინააღმდეგ გადადგმული სხვა მკაცრი სანქციური ნაბიჯები, უკიდურესად ძლიერი ინსტრუმენტია, რომელსაც შეუძლია, შეაჩეროს ეს ტერორისტული ომი და რუსეთი აიძულოს, მშვიდობას დათანმხდეს.
სანქციები ძლიერი უნდა იყოს, რათა მშვიდობისკენ მიმართული ყველა ძალისხმევა - მათ შორის ჩვენი ერთობლივი დიპლომატიური ძალისხმევა აშშ-სთან, ევროპასთან და სხვა მეგობრებთან, წარმატებული იყოს.
მადლობას ვუხდი წარმომადგენელთა პალატის წევრებს, სენატორებსა და აშშ-ის კონგრესის ლიდერებს ამ კანონპროექტის მხარდაჭერისთვის.
რუსეთმა ეს ომი უნდა დაასრულოს“, - წერს ზელენსკი.
შეგახსენებთ, აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების „ლინდსი გრემის კანონპროექტი“ მიიღო.
კანონპროექტის მიხედვით, ტრამპს უფლება ექნება, 100%-მდე ტარიფები დაუწესოს იმ ქვეყნების იმპორტს, რომლებიც რუსულ ენერგორესურსებს ყიდულობენ ან რუსეთს სანქციების გვერდის ავლაში ეხმარებიან.
დოკუმენტი ასევე ითვალისწინებს სანქციების დაწესებას რუსეთის მაღალჩინოსნების, ბანკებისა და ე.წ. „ჩრდილოვანი ფლოტის“ წინააღმდეგ. ამასთან, კანონპროექტი ირანის წინააღმდეგ მოქმედ სანქციებსაც ახანგრძლივებს.
კანონპროექტი აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს ხელმოსაწერად გადაეგზავნება.