უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომში ორივე მხარის გამარჯვებაზე საუბარი უკვე შეუძლებელია - ერთადერთი გამოსავალი ადამიანების სიცოცხლის გადასარჩენად საბრძოლო მოქმედებების შეჩერებაა. ამასთან, ზოგიერთი პარტნიორი შეცდომით მიიჩნევს, რომ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს მხოლოდ უკრაინის ტერიტორიის ნაწილის დაკავება სურს.
ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ CBC News-თან ინტერვიუში განაცხადა.
ზელენსკის თქმით, პუტინის პოზიციის შეცვლა აუცილებელია.
„მას მსოფლიოში ყველაზე დიდი ტერიტორია აქვს და კიდევ რამდენიმე კილომეტრი სჭირდება? სწორედ ამიტომ არის ძალიან უცნაური, როდესაც ზოგიერთი პარტნიორი ამბობს: მას მხოლოდ უკრაინის ეს ნაწილი, ეს რამდენიმე კილომეტრი სჭირდება და სულ ეს არის“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.
მისი თქმით, იმის წარმოდგენა, რომ პუტინს მხოლოდ რამდენიმე კილომეტრი უკრაინის ტერიტორია სჭირდება, „სიგიჟეა“. ზელენსკის განცხადებით, კრემლის მიზანი ცალკეული ტერიტორიის დაკავებაზე გაცილებით ფართოა და უკრაინის სრულ დამორჩილებას, მისი რუსეთის შემადგენელ ნაწილად ქცევას გულისხმობს.
უკრაინის პრეზიდენტმა ასევე კომენტარი გააკეთა იდეაზე, რომლის მიხედვითაც გადაწყვეტილება ერთდროულად რუსეთისა და უკრაინისთვის უნდა იყოს მისაღები.
„სიმართლე რომ ვთქვათ, ამ ომში ორივე მხარისთვის მომგებიანი შედეგი ვერ იქნება. ამდენი ადამიანის დაღუპვის შემდეგ ეს ომი ორივე მხარის გამარჯვებაზე საუბარს პირველივე დღეს გასცდა“, - განაცხადა ზელენსკიმ.
მისი თქმით, ახლა ერთადერთი ნამდვილი გამარჯვება ომის შეჩერებაა ადამიანების სიცოცხლის გადასარჩენად და არა ისეთი ფორმულის მოძებნა, რომელიც ორივე მხარისთვის თანაბრად მომგებიანი იქნება.
ზელენსკიმ აღნიშნა, რომ უკრაინა და აშშ მუდმივ დიალოგში იმყოფებიან და მოლაპარაკებებს აგრძელებენ. მისი თქმით, ამერიკული მხარე უკრაინის მხარდასაჭერად სხვადასხვა ზომას იღებს.
რაც შეეხება სანქციებს, ზელენსკის განცხადებით, აშშ-მა უფრო მკაცრად და გადამწყვეტად უნდა იმოქმედოს, რათა რუსეთის ომის წარმოების შესაძლებლობები სრულად შეიზღუდოს.
ზელენსკის თქმით, ამერიკულმა მხარემ უკრაინას სთხოვა, მედიასთან მოლაპარაკებების დეტალები არ გაესაჯაროებინა, სანამ შეთავაზებული იდეების განხილვა გრძელდება.
ამჟამად მზადება მიმდინარეობს ზელენსკისა და აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის შეხვედრისთვის, რომელიც ნიუ-იორკში, სექტემბრის ბოლოს არის დაგეგმილი.