ბევრი ვარიანტია, საიდან შეიძლებოდა, ირაკლი ღარიბაშვილს სცოდნოდა ახალი ბრალდების შესახებ. ამ საქმეში მხოლოდ ის ხომ არ ფიგურირებს? ქრთამის აღების საქმეში ბევრი ეჭვმიტანილია, მათ თავიანთი ადვოკატები ჰყავთ, რომლებსაც ერთმანეთთან ურთიერთობა აქვთ, შესაძლებელია, ერთმანეთის საკითხები სცოდნოდათ, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, თენგიზ შარმანაშავილმა განაცხადა.
მისი თქმით, საუბარი არ არის იმაზე, რომ პატიმარს საკანში გამოცხადება ჰქონდა.
„საიდან შეიძლება, ეს ყველაფერი სცოდნოდა, ამოუხსენელი არ არის. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი ჩვენს პასუხისმგებლობაზეც მიუთითებს, მაგრამ ჩვენი პასუხისმგებლობაა ისიც, რომ დანაშაულს ხელი არ დავაფაროთ და ვამხილოთ, რაც ხდება კიდევაც. სხვა ხელისუფლებებთან ჩვენი განსხვავება ისაა, რომ მიუხედავად იმისა, რომ პოლიტიკურად, შეიძლება, დავზარალდეთ, არცერთ სისხლის სამართლის დანაშაულს ხელს არ დავაფარებთ. რა ურჩია მისმა ადვოკატმა და დაცვის რა ტაქტიკას შეარჩევს, ეს მისი კონსტიტუციური უფლებაა. როცა დანაშაულს არ აღიარებ, რა თქმა უნდა, რამით უნდა გაამართლო. როგორც წესი, ყოფილი პოლიტიკოსები კორუფციას ამართლებენ, როგორც პოლიტიკურ დევნას. სხვა გამამართლებელი არ აქვთ ხოლმე, ამ ნაწილში სიახლე არაფერია. ეს კომპლექსური თემაა. სქემები, რომლებზეც ახლა საუბარია, ფარული და შენიღბულია. როცა კორუფციული სკანდალები უცხოეთშიცაა, როგორც წესი, რამდენიმე წლის წინ არის ჩადენილი, რადგან აქ საქმე ვიღაც არაპროფესიონალებსა და ბავშვებთან კი არ არის, არამედ ეს ხალხი საკმაოდ სერიოზულია – თავიანთ დანაშაულებს სერიოზულად ნიღბავენ. ხანდახან ამას ხანგძლივი ოპერატიული მუშაობა და გამოძიება სჭირდება, რომ მტკიცებულებები მოიპოვო“, – განაცხადა თენგიზ შარმანაშვილმა.