ეს არის ის მოღალატეობრივი საქციელი, რასაც დღევანდელი „ოცნება“ ჩადის სამწუხაროდ, - ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი შარაშიძემ განაცხადა.
შარაშიძე გამოეხმაურა ირაკლი კობახიძის განცხადებებს „გეორგიევსკის ტრაქტატსა“ და ერეკლე მეორის შესახებ.
„ძალიან დიდი ბოდიში, ნუ მკრეხელობს ბატონი კობახიძე. საკუთარ თავს ერეკლე მეფეს ადარებს? სააკაშვილი არ გვეყო დავით აღმაშენებელს რომ ადარებდა თავს?! ახლა კობახიძეს ერეკლე მეორე გონია საკუთარი თავი? ძალიან დიდი ბოდიში, საქმეს მიხედოს.
ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტის დაცვა და სახელმწიფოებრიობის გამტკიცება იზოლაციას კი არ ნიშნავს, ევროკავშირსა და ჩვენს პარტნიორებთან თანამშრომლობაზე უარს ხომ არ ნიშნავს? ეს ნიშნავს, იმას, რომ საქართველო სუვერენული ქვეყანა უნდა იყოს, ამავე დროს ძლიერი ევროპული ოჯახის წევრი. ნათელია, რომ „ქართული ოცნების“ რეჟიმი არ აპირებს განახორციელოს ქართველი ხალხის დაკვეთა, რაც არის ტრადიციებით და სუვერენიტეტით შესვლა ევროპულ ოჯახში. ეს არის ის მოღალატეობრივი საქციელი, რასაც დღევანდელი „ოცნება“ ჩადის სამწუხაროდ“,- განუცხადა შარაშიძემ ჟურნალისტებს.
შეგახსენებთ, ირაკლი კობახიძემ დღეს ბრიფინგზე განაცხადა: "ტრაქტატის გაფორმებით, უნდოდა ეს რუსეთის იმპერიას თუ არა, საქართველომ პრინციპული სარგებელი მაინც მიიღო, ერეკლე მეორის ამ ნაბიჯით არა მხოლოდ როგორც ერი გადავრჩით, არამედ, საბოლოოდ გავიმარჯვეთ კიდეც"