გვარამიას შეფასება კი არა, პრობლემა ამ ქვეყანაში გახლავთ ივანიშვილი და მისი რეჟიმი, რომელიც ბოდიშებს უხდის ოკუპანტებს, სეპარატისტებს და იმ ადამიანებს, ვინც ეთნოწმენდით იყვნენ დაკავებულები, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ირაკლი ფავლენიშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, „საკითხის დაყენება ისე, თითქოს პრობლემა კონკრეტული ოპოზიციური პიროვნების მიერ გაკეთებული განცხადებაა და არა ის პოლიტიკა, რასაც დე ფაქტო ხელისუფლება აწარმოებს, საკითხის არასწორად დასმაა“.
„არავითარ კავშირში არ არის ყარაბაღის პრობლემა და ტრავმული მეხსიერება აფხაზეთის საკითხთან, აბსოლუტურად განსხვავებული ამბებია. ვეთანხმები იმაში, რომ ევროკავშირში გაწევრიანება და დასავლური ინტეგრაცია არის ძალიან მნიშვნელოვანი პროცესი საქართველოს ეკონომიკური გაძლიერებისთვის, მათ შორის იმისთვის, რომ ტერიტორიული მთლიანობა აღდგეს. გარკვეულ პარალელებში არ ვეთანხმები, კიდევ ერთხელ ვამბობ, მაგრამ ამ საკითხებზე ასეთი აქცენტირება არის არასწორი იმ პირობებში, როდესაც გვყავს დე ფაქტო ხელისუფლება, რომელიც ბოდიშს უხდის ოკუპანტს და ატარებს აბსოლუტურად კაპიტულანტურ პოლიტიკას“, – განაცხადა ფავლენიშვილმა.
ცნობისთვის, ნიკა გვარამიამ სატელევიზიო ეთერში განაცხადა, რომ „ძალიან მნიშვნელოვანია ისტორიული მეხსიერება ერისთვის, მაგრამ ტრავმული მეხსიერება საფრთხის შემცველია“ და ფაშინიანით იმიტომაა აღფრთოვანებული, რომ მან „ტრავმების დამარცხება შეძლო“. ამ თემაზე საუბრისას ის აღნიშნავს, რომ ფაშინიანმა „არარატი წაშალა ბეჭდიდან, შტამპიდან იმ მიზეზით, რომ თურქეთთან და აზერბაიჯანთან სომხეთს დაულაგდებოდა ურთიერთობა და ევროკავშირისკენ მეტი პერსპექტივა ექნებოდა“. მისივე თქმით, იგივე გააკეთა და კიდევ უფრო მძიმე ყარაბაღთან დაკავშირებით.
„რეალურად, ყარაბაღი ხომ ჩაბარება იყო? იყო ომი, ასე შემდეგ, გასაგებია ეს ყველაფერიც, მაგრამ, საბოლოო ჯამში, სომხეთმა თქვა, რომ ნუ, მომაშორეთ, წაიღეთ, იმიტომ, რომ მართლა მათი იყო. ისტორიული ყარაბაღი, მასე ისტორიულად, ლორეზეც შეგვიძლია, ქართველები ვედავოთ სომხებს,“- აღნიშნა გვარამიამ და დასძინა, რომ მისი ეს განცხადება არ არის აფხაზეთთან პარალელი და არ უნდა გაიგოს ვინმემ არასწორად.
„ტრავმის ნაწილზე ვამბობ. აფხაზეთი ჩვენი ტერიტორიაა ყველა აღიარებით და ყარაბაღი არ ყოფილა სომხეთის ტერიტორია, არცერთი აღიარებით“,- აღნიშნა გვარამიამ.