აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მიღწეულია „ისტორიული შეთანხმება“, რომელიც ღაზის სექტორში „ჰამასისა“ და ყველა სხვა შეიარაღებული დაჯგუფების სრულ განიარაღებას ითვალისწინებს.
ტრამპის თქმით, შეთანხმება მისი ხელმძღვანელობით მოქმედმა „მშვიდობის საბჭომ“ შეიმუშავა.
„ეს შეთანხმება უმნიშვნელოვანესი ნაბიჯია იმისთვის, რომ ღაზა საბოლოოდ გადავიდეს პალესტინის ახალი მთავრობის მართვის ქვეშ, რომელიც მჭიდროდ ითანამშრომლებს მშვიდობის საბჭოსთან, რათა პალესტინელ ხალხს დაეხმაროს. ამასთან, ისრაელი მიიღებს იმ უსაფრთხოებას, რომელსაც იმსახურებს, რადგან ღაზა აღარ იქნება გამოყენებული ტერორისტული თავდასხმების პლაცდარმად“, - განაცხადა ტრამპმა.
მისივე თქმით, შეთანხმება მისი 20-პუნქტიანი გეგმის მნიშვნელოვანი ნაწილია, რომლის მიზანიც ღაზაში ომის დასრულებაა.
ტრამპის განცხადებით, შეთანხმების შესრულება ეტაპობრივად განხორციელდება. მისი თქმით, განიარაღების დასრულების შემდეგ ისრაელის ჯარები ღაზის სექტორს დატოვებენ, ხოლო საერთაშორისო სტაბილიზაციის ძალები პალესტინის ახალ პოლიციასთან ერთად აიღებენ პასუხისმგებლობას ღაზის მოსახლეობისა და მეზობელი ქვეყნების უსაფრთხოების უზრუნველყოფაზე.
ტრამპმა შუამავლებსა და თავის გუნდს „ისტორიული შეთანხმებისთვის“ მადლობა გადაუხადა.
„მსურს მადლობა გადავუხადო შუამავლებს - ეგვიპტეს, კატარსა და თურქეთს მათი მნიშვნელოვანი ძალისხმევისთვის, განსაკუთრებით კი ჩემს გამორჩეულ გუნდს, რომლის დაუღალავმა მუშაობამ ეს ისტორიული გარღვევა შესაძლებელი გახადა“, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.
ტრამპის თქმით, შეთანხმების შედეგად „ღაზა საბოლოოდ პალესტინის ახალი მთავრობის ხელში გადავა, რომელიც თავის ხალხს მოემსახურება“.