თბილისის საკრებულოსთან დაკავებულები საგარეჯოს, გურჯაანისა და დუშეთის დროებითი მოთავსების იზოლატორებში შეასახლეს - ინფორმაციას ადვოკატი მარიკა არევაძე ავრცელებს.
დაკავებულებს ადვოკატები დღეს მოინახულებენ. ჯერჯერობით უცნობია, როდის გაიმართება სასამართლო პროცესები.
შეგახსენებთ, თბილისის საკრებულოსთან, აქციის მიმდინარეობისას 10 პირი: თორნიკე თოშხუა, მარიამ მეყანწიშვილი, ია მელითაური, ნატო ბოლქვაძე, სანდრო სეხნიაშვილი, ლაშა დგებუაძე, ვასო ბერიძე, მარინე ნანავა, თორნიკე ტიკარაძე და შაკო ბაღდოშვილი დააკავეს.
შსს-ს ცნობით, დაკავებულებს ,,შეურაცხმყოფელი შინაარსის ბანერები ეჭირათ ხელში”.
ისინი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით დააკავეს, რაც წვრილმან ხულიგნობასა და სამართალდამცავებისთვის წინააღმდეგობის გაწევას გულისხმობს.