ყაზახეთის პრეზიდენტმა, ყასიმ-ჟომართ თოყაევმა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან შეხვედრისას განაცხადა, უკრაინასა და რუსეთს შორის კონფლიქტის „გაყინვის“ დროა.
„შესაძლოა, უკვე დადგა დრო, ეს კონფლიქტი გაიყინოს და დავუბრუნდეთ „სტამბოლის 2.0“-ს ფორმულსა , რადგან იქ მნიშვნელოვანი შედეგები იყო მიღწეული. შემდეგ კი, ბუნებრივია, დიდი სახელმწიფოების, მათ შორის რუსეთის, გარანტიების პირობებში, წინ წავიდეთ“, - თქვა თოყაევმა.
ყაზახეთის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ რუსეთის ომის ბუნება უკრაინის წინააღმდეგ „ბევრისთვის, მათ შორის ჩვენთვისაც, ბოლომდე გასაგები არ არის“.
„თუ, მაგალითად, აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის არსებული, მათ შორის გაყინულ კონფლიქტს ავიღებთ, მისი არსი და წარმოშობა ჩვენთვის სრულიად გასაგები იყო, რადგან ისტორიულ ფესვებს ეფუძნებოდა. აქ კი ამის გაგება ძალიან რთულია“, - განაცხადა თოყაევმა.
მისივე თქმით, ამ საკითხზე საუბარი იმიტომ გადაწყვიტა, რომ რუსეთის ომთან დაკავშირებით უკრაინაში „ბევრ სიგნალს იღებს“.
„არ დავმალავ, რომ ჩემამდე ბევრი სიგნალი მოდის. ამის შესახებ ტელეფონითაც გაცნობეთ. ევროპიდან და ამერიკის შეერთებული შტატებიდან მოდის სიგნალები, რომლებიც უკრაინასა და რუსეთს შორის არსებული კონფლიქტის ამჟამინდელ ვითარებას ეხება,“ - განაცხადა ყაზახეთის პრეზიდენტმა.
ვლადიმირ პუტინისა და კასიმ-ჟომართ თოყაევის შეხვედრა რუსეთის ქალაქ ომსკში გაიმართა, რუსეთისა და ყაზახეთის რეგიონთაშორისი თანამშრომლობის XXII ფორუმის ფარგლებში.