კიევის ოლქში მდებარე კერძო კომპლექსის ტერიტორიაზე, სადაც მასშტაბური ღონისძიება მიმდინარეობდა, რუსეთის სარაკეტო დარტყმის შედეგად 10 ადამიანი დაიღუპა, დაახლოებით 100 -მა კი სხვადასხვა სიმძიმის დაზიანება მიიღო. ფაქტზე ორი სისხლის სამართლის საქმე აღიძრა.
ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალების კომუნიკაციების სამმართველოს ხელმძღვანელმა იური იგნატმა უკრაინულ მედიას განუცხადა.
კერძოდ, მას სთხოვეს განემარტა, სად იმართებოდა ღონისძიება, რომლის შესახებაც სოციალურ ქსელებში წინასწარ იყო ინფორმაცია გავრცელებული და რომელსაც ბევრი ადამიანი ესწრებოდა. იგნატის თქმით, ობიექტს, რომელსაც რაკეტა მოხვდა, უკრაინის შეიარაღებულ ძალებთან არანაირი კავშირი არ აქვს.
„ეს არ არის პოლიგონი. ეს არის კერძო სპორტული ცენტრი, რომელსაც სამხედროებთან არანაირი კავშირი არ აქვს“, - განაცხადა უკრაინის საჰაერო ძალების წარმომადგენელმა.
„მტერმა ჩრდილოეთის მიმართულებიდან კიევის ოლქს სამი „ისკანდერ-М“/С-400 ტიპის ბალისტიკური რაკეტა ესროლა. საბრძოლო მოქმედებების შედეგად საჰაერო თავდაცვამ ერთი რაკეტის განადგურება შეძლო. კიევის ოლქის ბუჩის რაიონში ორი რაკეტის ჩამოვარდნა დაფიქსირდა“, - ნათქვამია უკრაინის საჰაერო ძალების განცხადებაში.
მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუსეთმა სარაკეტო იერიში კიევის ოლქში მდებარე პოლიგონის წინააღმდეგ განხორციელდა.