ორგანიზაცია Animal Project-ის თანადამფუძნებლის ნათია ჩიქოვანის განცხადებით, საქართველოში უკონტროლო გამრავლების შედეგად იმაზე გაცილებით მეტი ძაღლი და კატაა, ვიდრე მათი აყვანის მსურველი ადამიანია ქვეყანაში.
მისივე თქმით, პრობლემის აღმოფხვრის ერთადერთი აპრობირებული გზად 5 კომპონენტის ერთდროულად და ეფექტიანად ამუშავებაა, რაც მათ შორის მოიცავს მიუსაფარი კომპანიონი ცხოველების დათვლას და მათ სტერილიზაცია-კასტრაციას.
„სახელმწიფო სტერილიზაციის პროგრამის სახელით ათასობით ცხოველის ბედს გაუმჭვირვალედ მართავს. მოქალაქეები საკუთარ მიკედლებულ ცხოველებს ვერ პოულობენ, დღემდე არ არსებობს ერთიანი ბაზა, ხოლო მილიონობით ლარის ტენდერები საეჭვო გამოცდილების მქონე პირებსა და კომპანიებზე გაიცემა.
სანამ კონკრეტულ საკითხებზე გადავალთ, პირველ რიგში საზოგადოებას კიდევ ერთხელ გვინდა განვუმარტოთ, რომ ქვეყანაში უკვე მრავალი წელია, გვაქვს კომპანიონი ცხოველების ჰიპერპოპულაციის პრობლემა. ეს იმას ნიშნავს, რომ საქართველოში უკონტროლო გამრავლების შედეგად გვყავს იმაზე გაცილებით მეტი ძაღლი და კატა, ვიდრე მათი აყვანის მსურველი ადამიანია ქვეყანაში. სწორედ ეს ზედმეტი და არასასურველი ცხოველები ხვდებიან ქუჩაში და აგრძელებენ ქუჩაში გამრავლებას.
ამ პრობლემის აღმოფხვრის ერთადერთი აპრობირებული გზა შემდეგი 5 კომპონენტის ერთდროულად და ეფექტიანად ამუშავებაა: მიუსაფარი კომპანიონი ცხოველების დათვლა და მათი სტერილიზაცია-კასტრაციის განხორციელება ჰუმანური, საერთაშორისოდ აპრობირებული CNVR მეთოდით (ანუ ცხოველის დაჭერა, აცრა, სტერილიზაცია და პირვანდელ გარემოში დაბრუნება). გასტერილებული ცხოველები ყურზე დამაგრებული საჭდის უნიკალური ნომრით უნდა დარეგისტრირდნენ საერთო ონლაინ ბაზაში.
მიუსაფარი ცხოველების სტერილიზაცია კასტრაციის პროგრამას დღეს „ქართული ოცნება“ ასე არ ახორციელებს. არ დაუთვლია წინასწარ ცხოველები, არ შეჰყავს უკვე გასტერილებული ცხოველები საერთო ბაზაში, შესაბამისად არ ვიცით, მათი გასტერილების თარიღი, აცრის თარიღი, მიმკედლებელზე ინფორმაცია და მათი დაბრუნების ლოკაცია, არ ვიცით არც მათი რაოდენობა, არ გვაქვს არანაირი ფაქტობრივი მტკიცებულება;
მაგრამ მხოლოდ სტერილიზაცია/კასტრაციის პროგრამა ვერაფერს გახდება, თუ არ გადავჭრით პრობლემის სათავეს: პატრონიანი ცხოველების უკონტროლო გამრავლებას, შემდეგ კი ამ ცხოველების ქუჩაში მიტოვებას. აუცილებელია უკონტროლო გამრავლების შეზღუდვა, გამრავლების წესების განვითარებული ქვეყნების სტანდარტით შემუშავება და მათი დაცვის მკაცრი კონტროლი, დღევანდელი რეალობის გათვალისწინებით კი შესაძლებელია, დროებით აიკრძალოს პატრონიანი ცხოველების გამრავლება, განსაკუთრებით ისეთი ჯიშების, რომლებიც ხშირად ხდებიან ქუჩაში გაგდების მსხვერპლი.
დღეს პატრონიანი ცხოველები ამ წუთამდე უკონტროლოდ მრავლდებიან, არ არის შემუშავებული გამრავლების წესების ადეკვატური სტანდარტები და არ ხორციელდება არავის და არაფრის შემოწმება და კონტროლი;
პარალელურად როგორც უკვე აღვნიშნეთ, უნდა მოხდეს ცხოველის ქუჩაში მიტოვების მკაცრი კონტროლი. კანონში ეს აკრძალვა გაწერილია, თუმცა ამოქმედდება მხოლოდ 2027 წლის პირველ იანვარს. სრულიად გაუგებარია, რას ელოდება სახელმწიფო, როდესაც ყოველდღიურად უამრავი ლეკვი და კნუტი და ასევე ზრდასრული ცხოველი ხვდება ქუჩაში სწორედ სახლიდან გამოგდების შედეგად;
მეოთხე რაც უნდა გააკეთოს სახელმწიფომ არის პატრონიანი და მიუსაფარი ცხოველის რეგისტრაცია - პატრონიანი ცხოველების მიკროჩიპირებით, მიუსაფრების კი ყურის საჭდის ნომრით და როგორც უკვე მოგახსენეთ მიუსაფარი ცხოველების რეგისტრაცია დღემდე არ ხდება, მხოლოდ ახლა დაიწყეს პატრონიანი ცხოველების ჩიპირება, როცა ჩვენ წლებია ამას ვითხოვთ და დაურეგისტრირებელი ცხოველის ყოლის შემთხვევაში, სანქცია დღემდე ძალაში შესული არ არის;
აუცილებელია სახლში მცხოვრები ცხოველების სტერილიზაცია/კასტრაციის ხელშეწყობა. დღეს მოსახლეობის ნაწილს სურს ცხოველის სტერილიზაცია, მაგრამ ამას ვერ ახერხებს - არ აქვს ფინანსური რესურსი ან მის დასახლებაში საერთოდ არ არის კლინიკა, რომელიც ამ პროცედურას ჩაატარებს. მოსახლეობის ნაწილს აქვს ცხოველის სტერილიზების საშუალება, თუმცა უარს აცხადებს.
გავრცელებულია ცრურწმენები სტერილიზაცია/კასტრაციაზე. სახელმწიფოს ვალდებულებაა, ერთი მხრივ ხელმისაწვდომი გახადოს სტერილიზაცია/კასტრაცია (როგორც მუნიციპალური ცენტრების, ისე ფინანსური დახმარების მეშვეობით), მეორე მხრივ კი ცნობიერების ამაღლებით.
თუ ეს ხუთივე კომპონენტი ერთდროულად არ ამოქმედდება და რეალურად ეფექტიანად არ აღსრულდება, მიუსაფარი ცხოველების პრობლემა არ მოგვარდება. ეს საერთაშორისო ჰუმანური სტანდარტი, რომელიც ახლა ავხსენით უკვე აპრობირებული და ეფექტიანად აღსრულებულია მაგალითად ნიდერლანდებში, რომელიც მსოფლიოში საუკეთესო მაგალითად ითვლება და რომელიც 100%-იან შედეგს დებს. მიუსაფარი ცხოველების რაოდენობა დაახლოებით 5 წელიწადში ქუჩებში განულდება, ისე, რომ ცხოველები არავინ დახოცოს. “ქართულ ოცნებას” თავის დროზე რომ დაეწყო ასე მუშაობა, დღეს ქუჩაში არც ერთი ცხოველი არ გვეყოლებოდა“,- განაცხადა ნათია ჩიქოვანმა.