ვწუხვარ, რომ ამ ქალბატონმა დაზიანება მიიღო, მაგრამ ამის განზრახვა არ მქონია. ადამიანს შეიძლება კონფლიქტის დროს ჩადენილ ნებისმიერ უნებლიე ქმედებაც კი ძვირად დაუჯდეს, - ამის შესახებ თელავში, ქორწილში მომხდარ ფაქტზე დაკავებული გიორგი ჭიღლაძის წერილშია აღნიშნული, რომელსაც მისი ადვოკატი მარიამ დურგლიშვილი ავრცელებს.
გიორგი ჭიღლაძე მადლობას უხდის ყველას გვერდში დგომისთვის.
„მე გიორგი ჭიღლაძე ამჟამად ვიმყოფები გურჯაანის წინასწარი მოთავსების იზოლატორში. ჩემი ადვოკატები მარიამ დურგლიშვილი და ლაშა კაპანაძე მაწვდიან ყველა ინფორმაციას. მადლობას გიხდით გვერდში დგომისათვის. ვიბრძოლებ და ბოლომდე დავიცავ ჩვენს ღირსებას.
ვწუხვარ, რომ ამ ქალბატონმა დაზიანება მიიღო, მაგრამ ამის განზრახვა არ მქონია. ყველა ადამიანს შეიძლება კონფლიქტის დროს ჩადენილ ნებისმიერ უნებლიე ქმედებაც კი ძვირად დაუჯდეს ამიტომ, გთხოვთ და ყველას მოგიწოდებთ: ეცადეთ, არ წამოეგოთ პროვოკაციას და ნუ იმოქმედებთ თქვენი შეურაცხყოფით გამოწვეული წამიერი აღელვების ნიადაგზე“, - ნათქვამია ჭიღლაძის წერილში.
ცოტახ ნის წინ ცნობილი გახდა, რომ პროკურატურა ჭიღლაძისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით სასამართლო სხდომაზე 5 000 - ლარიანი გირაოს შეფარდების შუამდგომლობას დააყენებს.
თელავის რაიონული სასამართლო ჭიღლაძის აღკვეთ ღონისძიებაზე სავარაუდოდ 21 ივლისს იმსჯელებს.
ინციდენტი 18 ივლისს, თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ რუისპირში მდებარე სასტუმროში მოხდა.
თელავში, ერთ-ერთ სასტუმროში, ქორწილის მიმდინარეობისას სასტუმროში დამსვენებელმა უცხო ქვეყნის მოქალაქეებმა სასტუმროს ნომრის აივნიდან შეურაცხყოფა მიაყენეს ქორწილში მყოფ პირებს და წყალი დაასხეს აპარატურას, რის შემდეგაც ბრალდებულმა ფიზიკური დაზიანება მიაყენა უცხო ქვეყნის მოქალაქე ქალს. დაშავებული, შესაბამისი სამედიცინო დახმარების გაწევის მიზნით, კლინიკაში გადაიყვანეს. გამოძიება მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანებას გულისხმობს. აღნიშნული ქმედება 3-წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.