ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის საქმეზე მსჯავრდებული, „გრინსერვისი+“-ის ყოფილი დირექტორი ლაშა ფურცხვანიძე საპატიმროდან გათავისუფლდა,
ლაშა ფურცხვანიძე, რომელსაც ექვს წლიანი პატიმრობა 2023 წლის 10 ივლისს შეეფარდა, "ტვ პირველს" უთხრა, რომ საპატიმროდან ელექტრონული სამაჯურით გამოუშვეს.
საქმე ეხება ვაკის პარკში დატრიალებულ ტრაგედიას, რომელსაც 13 წლის მარიტას სიცოცხლე ემსხვერპლა. გამოძიებსი თანახმად, შადრევანი, საიდანაც დენმა გაჟონა სწორედ "გრინსერვისი+“-ის დამონტაჟებული იყო.
ფურცხვანიძის განმარტებით, ვადაზე ადრე ციხიდან უდოს გადაწყვეტილებით გათავისუფლდა.
"გუშინ დავტოვე საპატიმრო. დიახ სამაჯურით გამომიშვეს. უდოს კომისიას მივმართე და მათი გადაწყვეტილება იყო. იმ კომპანიაში არ დავბრუნდები, თუმცა ვერ გეტყვით ჯერჯერობით ოჯახთან ვარ და ამას ვაპირებ. მომავალი გვაჩვენებს", - განიცხადა ლაშა ფურცხვანიძემ "ტვ პირველს".
შეგახსენებთ, 2022 წლის 13 ოქტომბერს, ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის შედეგად, 13 წლის მარიტა მეფარიშვილი გარდაიცვალა, ორი მოზარდი - ანდრია ლორთქიფანიძე და ლაზარე ლობჟანიძე კი დაშავდა. მომხდარზე სასამართლოში საქმის წარმოება ორ ეპიზოდად მიმდინარეობდა. ერთი ეპიზოდის შემთხვევაში სასამართლომ 9 პირიდან 8 დამნაშავედ ცნო. კერძოდ კი: „გრინსერვისი+“-ის დირექტორს, ლაშა ფურცხვანიძეს 6 წლით, მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილეს, გიორგი ვახტანგიშვილის 3 წლით, დევი კახოიძეს 3 წლით, ნუგზარ ქიტიაშვილს 3.6 წლით, დავით თუშიშვილი 3.6 წლით, გიორგი გობეჯიშვილს 4 წლით, ლაშა ჭიღიტაშვილს 3 წლით და ბექა მურღვლიანს 3 წლით, ვალერი გობეჯიშვილი კი გამართლდა.