უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა მიხაილო ფედოროვმა განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის, ოლექსანდრ სირსკის, შეცვლას ითხოვდა, თუმცა პრეზიდენტმა ეს არ გაიზიარა. მისი თქმით, თავდაცვის სამინისტროს ყველა ინიციატივა, რომელიც ფრონტზე ვითარების გაუმჯობესებას ისახავდა მიზნად, წინააღმდეგობას აწყდებოდა.
ამის შესახებ ფედოროვმა 16 ივლისს გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.
„როდესაც პრეზიდენტმა თქვა, რომ სირსკის შეცვლას არ გეგმავდა, ამ გადაწყვეტილებას სრულად დავეთანხმე და ვთქვი, რომ ასეთ შემთხვევაში მასთან თანამშრომლობას ვისწავლიდი. რადგან ჩვენი მთავარი პასუხისმგებლობა მთელი უკრაინელი ხალხის წინაშეა.
მაგრამ შევეჯახეთ იმას, რომ ყველა ინიციატივა, რომელსაც ვთავაზობდით, იბლოკებოდა. სირსკი არ არის მზად, პირისპირ ისაუბროს პრობლემებზე. სამაგიეროდ, მზად არის დახურულ შეხვედრებზე იაროს, ინტრიგები ხლართოს და იფიქროს, თითქოს მედიაში მის წინააღმდეგ ვიღაცამ კამპანია შეუკვეთა, იმის ნაცვლად, რომ რეალურ პრობლემებს შეხედოს.
შედეგად, მან ფაქტობრივად ულტიმატუმი წამოაყენა.
იმის ნაცვლად, რომ ეფიქრა, როგორ დაემარცხებინა რუსეთი ასიმეტრიული გზებით, მან მოიფიქრა, როგორ გაეხლიჩა ქვეყანა. სწორედ ეს არის მთავარი პრობლემა...
მე არ დამიყენებია პირობა - „ან მე, ან სირსკი“. მე ვთქვი: „რუსეთზე ასეთ მთავარსარდალთან ერთად გავიმარჯვებთ,“ - განაცხადა ფედოროვმა.
ამასთან, ფედოროვმა აღნიშნა, რომ ოლექსანდრ სირსკის და მისი დამსახურებების დაკნინება არ შეიძლება.
„მან ჩაატარა კიევის ოპერაცია, ხარკივის ოპერაცია, მონაწილეობდა ხერსონის ოპერაციაშიც. ასეთი მეთაურის მნიშვნელობის დაკნინება არ შეიძლება“, - განაცხადა მან.
ფედოროვის თქმით, მიუხედავად ამისა, ომის ხასიათი სრულად შეიცვალა.
„მაგრამ ომი მთლიანად შეიცვალა. დრონები წელიწადში ოთხჯერ იცვლება. შეიცვალა მართვის სისტემაც და ჩვენც უნდა შევიცვალოთ. ვერ დავეყრდნობით იმას, რაც მაშინ მუშაობდა. უნდა გვესმოდეს, რა იყო საჭირო მაშინ და რა არის საჭირო ახლა, რათა რუსეთზე გავიმარჯვოთ.
არ ვფიქრობ, რომ ეს მისი ეგოს პრობლემაა. ვფიქრობ, სხვა მიზეზებიც არსებობს... ბევრი დოკუმენტი ხელმოუწერელი რჩება. ამაზე პირდაპირ ვამბობდი: „თუ ბიუროკრატიული თამაშების თამაში გვიწევს, ვითამაშოთ“. პასუხად კი მეუბნებოდნენ: „არ შეეხო!“ და მე ვითმენდი, მზად ვიყავი მშვიდად გამეგრძელებინა მუშაობა, ვიდრე მთავარსარდალმა ულტიმატუმი არ წამოაყენა,“ - განაცხადა ფედეროვნა.
უკრაინული მედიის ცნობით, უკრაინის თავდაცვის მინისტრის, მიხაილო ფედოროვის გადადგომას მაასა და უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალს, ოლექსანდრ სირსკის შორის თვეების განმავლობაში მიმდინარე კონფლიქტი უძღოდა წინ.
როგორც მედია წერს, სირსკი უკმაყოფილო იყო, რომ ფედოროვი კონკრეტულ ოპერაციებზე საჭირო რესურსს არ გასცემდა, ფედოროვი კი პასუხობდა, რომ ყველაფერი გაცემული იყო, უბრალოდ არასწორად გამოიყენებოდა.
„ვერ დავუშვებ, რომ ომში მყოფ ქვეყანაში თავდაცვის სამინისტრო და გენერალური შტაბი ერთმანეთს ეომებოდნენ. ორივე უნდა შეიცვალოს, მაგრამ ერთდროულად ამის გაკეთება არ შემიძლია“, – თქვა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
შეგახსენებთ, ფედოროვის გადადგომის შესახებ ინფორმაცია გუშინ გავრცელდა.