მივესალმებით ყველა ტიპის დახმარებას, რომელსაც უკრაინას გაუწევენ. რაც უფრო მეტ თანხას მიაწოდებენ უკრაინას, მხოლოდ და მხოლოდ გასახარი იქნება ჩემთვის და საქართველოს ყველა სხვა პატრიოტისთვის. უკრაინას რაც უფრო მეტად დაეხმარებიან, ჩემთვის მისასალმებელი ფაქტია. ომი არავის არ უნდა ამ ქვეყანაში, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ გენერალური მდივნის მოადგილემ, ირაკლი ფავლენიშვილმა განაცხადა.
ფავლენიშვილს კითხვა დაუსვეს „ოპოზიციის ალიანსის“ ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა გვარამიას განცხადებაზე, რომლის მიხედვითაც: „უკრაინა მალე რომ ომს მოიგებს, ტრილიონები დაიხარჯება მის აღდგენაში, საქართველოს არ მიასუნინებენ იმ ტრილიონებთან, მთელი ევროპა იქნება მშენებლობით და ფულის კეთებით დაკავებული“.
ირაკლი ფავლენიშვილის თქმით, კარგი იქნებოდა, საქართველოს რომ ჰქონდეს მეტი წვდომა დასავლურ ინვესტიციებსა და დასავლეთის ეკონომიკურ სარგებლებთან და „არანაირი ომი არ არის ამისთვის აუცილებელი“.
„გვარამიას განცხადება მე გავიგე ისე, რომ როდესაც საუბარი არის უკრაინის დახმარებაზე, მივესალმები ყველა შემთხვევაში უკრაინის დახმარებას. რაც უფრო სერიოზული იქნება დახმარება, მით უფრო მივესალმები. საქართველოს რომ ჰქონდეს უფრო მეტი წვდომა დასავლეთთან, დასავლურ ინვესტიციებთან, დასავლეთის ეკონომიკურ სარგებლებთან, კარგი იქნებოდა. ივანიშვილის ხელში ეს არის შეუძლებელი, არანაირი ომი არ არის აუცილებელი ამისთვის.
კიდევ ერთხელ ვიმეორებ, შეიძლება, მან მაგალითი მოიყვანა, მას უნდა ჰკითხოთ. როცა ვსაუბრობთ უკრაინის დახმარებაზე, უკრაინის დახმარება გვიხარია. აბსოლუტურად მიუღებელია, რომ ამაზე, შეიძლება, პროპაგანდისტულად აგორდეს კამპანია. სამწუხაროდ, ეს ნიშნავს, რომ საქართველოშიც მოსახლეობის რაღაც ნაწილი, შეიძლება, არ იყოს უკრაინის მხარდამჭერი, რაც აბსოლუტურად მორალური კატასტროფაა“, – განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა.