14 ივლისის ღამეს უკრაინის შეიარაღებული ძალების უპილოტო სისტემების ძალების ქვედანაყოფებმა აზოვის ზღვაში კიდევ 11 რუსულ გემს მიაყენეს დარტყმა. ამის შესახებ უპილოტო სისტემების ძალების მეთაურმა, რობერტ ბროვდიმ (მადიარი) განაცხადა.
„14 ივლისის ღამეს კიდევ +11. ოპერაცია „МоЛоЧКа“-ს ფარგლებში, 9 დღის განმავლობაში, აზოვის ზღვაში უპილოტო სისტემების ძალების დრონებმა 116 გემი დააზიანეს: 5 ტანკერი, 5 მშრალი ტვირთმზიდი და 1 ბუქსირი,“ ნათქვამია მის განცხადებაში.
უპილოტო სისტემების ძალების მეთაურის განმარტებით, ოპერაციის მიზანია რუსეთის მცირე და საშუალო ზომის ნავთობტანკერების ფლოტის პარალიზება, რომელიც ნავთობს პორტებიდან დიდ ტანკერებამდე გადააქვს. ეს ბრტყელძირიანი გემები დაახლოებით 140 მეტრი სიგრძისა და 7 ათასი ტონა ტვირთამწეობისაა.
მისი თქმით, აღნიშნული ტანკერები რუსეთის „ჩრდილოვანი ფლოტის“ მნიშვნელოვანი ნაწილია. მათ ნავთობი ვოლგა-დონის არხისა და აზოვის ზღვის გავლით, პორტებიდან და ნავთობტერმინალებიდან, შავ ზღვაში მყოფ დიდ ტანკერებამდე გადააქვთ.
უპილოტო სისტემების ძალების მეთაურმა აღნიშნა, რომ საწვავის მიწოდების ალტერნატიული საავტომობილო და სარკინიგზო მარშრუტებიც უკრაინის ძალების საცეცხლე კონტროლის ქვეშ იმყოფება.
მანამდე რობერტ ბროვდიმ (მადიარმა) განაცხადა, რომ 13 ივლისის ღამეს უპილოტო სისტემების ძალების ქვედანაყოფებმა რუსეთის „ჩრდილოვანი ფლოტის“ 15 გემი დააზიანეს, ხოლო რვა დღის განმავლობაში დაზიანებული მცურავი საშუალებების საერთო რაოდენობამ 105-ს მიაღწია.