"კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის" წევრები შეთანხმდნენ, რომ განიხილავენ ორგანიზაციის წესდების შესაბამისი მუხლის გამოყენებას სომხეთის მიმართ, რადგან ქვეყანას უკვე ორი წლის განმავლობაში არ აქვს გადახდილი საწევრო შენატანები. ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„7 ივნისს, სწორედ სომხეთში არჩევნების დღეს, ჩემი კოლეგა არარატ მირზოიანი შეკითხვაზე - რა ხდება "კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციასთან" დაკავშირებით, განაცხადა: ‘ჩვენ შენატანებს არ ვიხდით, რადგან უბრალოდ აღარ ვმონაწილეობთ’. ასეთ სიტუაციაში რა უნდა გავაკეთოთ? ეს დღეს განვიხილეთ. უკვე ორ წელზე მეტია, რაც სომხეთს აქვს დავალიანება "კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის" ბიუჯეტის წინაშე. ეს არის სიტუაცია, რომელიც გათვალისწინებულია ორგანიზაციის წესდებით. დღეს შევთანხმდით, რომ განვიხილოთ შესაბამისი მუხლის გამოყენება“, - აღნიშნა ლავროვმა.
რუსული მედიის ცნობით, "კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის" წესდების 25-ე მუხლის მიხედვით, თუ წევრი სახელმწიფო ორი წლის განმავლობაში არ ასრულებს ორგანიზაციის ბიუჯეტის მიმართ ფინანსურ ვალდებულებებს, საბჭო იღებს გადაწყვეტილებას ამ ქვეყნის წარმომადგენლებისთვის ორგანიზაციის კვოტიან თანამდებობებზე წარდგენის უფლების შეჩერების შესახებ, ასევე მისთვის ხმის უფლების ჩამორთმევის შესახებ ორგანიზაციის ორგანოებში, ვიდრე დავალიანება სრულად არ დაიფარება.