„ოპოზიციური ალიანსის“ ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა გვარამიას ინფორმაციით, ე.წ. საბოტაჟის საქმე, რომელიც ოპოზიციონერი პოლიტიკოსების წინააღმდეგ არის აღძრული, "უცაბედად" 11 ივნისს გადმოინიშნა“.
ნიკა გვარამიას თქმით, ეს ხდება იმ ფონზე, როცა ევროკავშირი მოლაპარაკების მთავარ ნაწილად ადამიანის უფლებების პრობლემას მიიჩნევს.
„საინტერესოა ხომ, უვიზო რეჟიმის გაუქმების საკითხის დადგომის და მოლაპარაკებების დაწყების პარალელურად, საბოტაჟის სამარცხვინო და გამოგონილი საქმე, სადაც ლამის მთელი ქართული პოლიტიკური ლიდერშიპი სამართლდება, რომ დაჩქარდა?
25 ივნისს ჩანიშნული პროცესი პროკურატურის მოთხოვნით „უცაბედად" 11 ივნისს გადმოინიშნა. და ეს იმ ქვეყანაში, სადაც პროცესები უსასრულოდ იწელება, მით უმეტეს, ზაფხულში. და ეს იმ ფონზე, როცა ევროკავშირი მოლაპარაკების მთავარ ნაწილად ადამიანის უფლებების პრობლემას მიიჩნევს და მნიშვნელოვან წილად სწორედ ამაზე „ჰკიდია" უვიზო მიმოსვლის ბედი.
ახლა თქვენ თავად გადაწყვიტეთ, სინამდვილეში, რა უნდა და რას აპირებს „ქართული ოცნება“,- წერს ნიკა გვარამია.
ცნობისთვის, ე.წ. საბოტაჟის საქმეზე მიხეილ სააკაშვილს, გიორგი ვაშაძეს, ნიკა გვარამიას, ნიკა მელიას, ზურაბ გირჩი ჯაფარიძეს, ელენე ხოშტარიას, მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს აქვთ ბრალდება წარდგენილი. უფრო კონკრეტულად, გიორგი ვაშაძეს და ზურაბ გირჩი ჯაფარიძეს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის პირველი ნაწილით და 319-ე მუხლით წარედგინათ, რაც საბოტაჟს და უცხო ქვეყნისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარებას გულისხმობს.