ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, ისრაელ კაცმა განაცხადა, რომ შეერთებულმა შტატებმა მხარი დაუჭირა გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც ბენიამინ ნეთანიაჰუს მთავრობა და ისრაელის თავდაცვის ძალები (IDF) ბეირუთის დაჰიეს რაიონზე იერიშებს მიიტანენ, თუ ირანის მხარდაჭერილი დაჯგუფება Hezbollah ჰეზბოლა ჩრდილოეთ ისრაელზე თავდასხმებს გააგრძელებს.
„აშშ-ის მოთხოვნით, გუშინდლამდე IDF თავს იკავებდა ბეირუთზე ფართომასშტაბიანი დარტყმებისგან, რადგან ვაშინგტონი ირანთან შეთანხმების მიღწევას ცდილობდა,“ - განაცხადა კაცმა.
მისი თქმით, ნეთანიაჰუმ ორშაბათს სატელეფონო საუბრის დროს დონალდ ტრამპს აცნობა, რომ ისრაელი ჰეზბოლას თავდასხმებზე პასუხის სახით ლიბანის ტერიტორიაზე დარტყმების განხორციელებას გეგმავდა.
„ამერიკელებმა ამ პრინციპს მხარი დაუჭირეს და ლიბანის მთავრობასა და ყველა ჩართულ მხარეს აცნობეს: თუ ისრაელის დასახლებები იბომბება, პასუხი ბეირუთზე აისახება,“ - განაცხადა კაცმა.
ამასთან, CNN-ის ინფორმაციით, ტრამპმა ნეთანიაჰუს მოუწოდა, შეემცირებინა ლიბანში სამხედრო ოპერაციების მასშტაბი. ტელეკომპანიის წყაროების ცნობით, აშშ-ის პრეზიდენტმა მკაცრი ტონით გამოხატა უკმაყოფილება დაგეგმილი შეტევის მიმართ, რადგან ეს მის მცდელობებს საფრთხეს უქმნიდა, რომლებიც ირანთან წინასწარი შეთანხმების მიღწევას ისახავდა მიზნად.
თეთრ სახლს ტრამპისა და ნეთანიაჰუს საუბრის შინაარსზე ოფიციალური კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია.
კაცმა ასევე გააფრთხილა სამხრეთ ლიბანის მოსახლეობა, რომ ისრაელის პოზიცია შეიცვალა.
„თუ ისრაელის დასახლებებზე თავდასხმები გაგრძელდება, ბეირუთის შიიტურ დაჰიეს რაიონ დავარტყამთ. აღარ იქნება ვითარება, როდესაც ბეირუთში სიმშვიდეა, ხოლო ისრაელის დასახლებები ცეცხლის ქვეშ იმყოფება,“ - განაცხადა მან.