თავდაცვისა და კოსმოსის საკითხებში ევროკავშირის კომისარმა ანდრიუს კუბილიუსმა განაცხადა, რომ უკრაინა ამ ეტაპზე ვერ შეძლებს ნატო-ში გაწევრიანებას, ხოლო ევროკავშირიში მისი სწრაფი მიღების საკითხიც დღის წესრიგში არ დგას.
ამასთან, მან გამოთქვა იდეა, რომ შეიქმნას ახალი ფორმატი - ევროპული თავდაცვის კავშირი, რომელიც გააერთიანებს თავდაცვით შესაძლებლობებს უკრაინის, გაერთიანებული სამეფოს და ნორვეგიის, ასევე იმ ევროკავშირის წევრი ქვეყნების, რომლებიც ამას მხარს დაუჭერენ.
აღნიშნული განცხადებები კუბილიუსმა ჟეშუვიში კონფერენციაზე გააკეთა.
„უკრაინას ამ ეტაპზე ნატო-ში გაწევრიანება არ შეუძლია. ევროკავშირში სრულფასოვანი წევრობა რთული პროცესია და ვერ უზრუნველყოფს თავდაცვითი შესაძლებლობების სწრაფ ინტეგრაციას. სწორედ ამიტომ, ყველაზე ეფექტური ინსტრუმენტი შეიძლება იყოს ახალი მექანიზმის მოძიება, რომელიც კონცენტრირდება ევროპული თავდაცვითი შესაძლებლობების გაერთიანებაზე. გვჭირდება ევროპული თავდაცვის კავშირი, რომელიც დააკავშირებს უკრაინის, გაერთიანებული სამეფოსა და ნორვეგიის თავდაცვით შესაძლებლობებს ევროკავშირის იმ ქვეყნების შესაძლებლობებთან, რომლებიც ამას მოისურვებენ,“ — განაცხადა მან.
მისი თქმით, ასეთი ინტეგრაცია შეიძლება იქცეს უსაფრთხოების გარანტიად უკრაინისთვის ომის დასრულების შემდეგ.