პაველ ჰერჩინსკის განცხადებაში არის მუქარაც და ის დესტრუქციული ხედვაც, რაც, სამწუხაროდ, საქართველოსთან მიმართებით აქვს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.
„წარმოუდგენელია, როდესაც ევროკავშირის ელჩი ქვეყანას ეუბნება – არჩევანი გაქვს, ევროკავშირი ან ბნელეთში დაბრუნებაო. ანუ, რას ამბობს, რომ აქ ისეთი მოვლენები უნდა განვითარდეს, რომ სახელმწიფო ჩამოიქცევა და იმ ბნელეთში აღმოჩნდებით, ალბათ რა ბნელეთიც, 90-იანი წლების დასაწყისში განვითარებული სამოქალაქო თუ რუსეთის ფედერაციასთან არსებული დაპირისპირებების და ომების დროს იყოო. ეს ელჩის მხრიდან საქართველოსთან მიმართებით ხედვის გაბანკროტებაა.
რაც შეეხება საქართველოს ევროკავშირთან ურთიერთობის პერსპექტივას, კარგი იქნება თუ ცოტა საკუთარ თავთანაც იქნებიან კრიტიკული დამოკიდებულებით. საქართველოსთან მიმართებით საკუთარ ქმედებაში პოზიტივი დაინახონ და არა ულტიმატუმით და ნეგატივით საუბარი.
დემოკრატიაზე როდესაც საუბრობენ, მათ საქართველოს დემოკრატიული შემდგომი განვითარების მხარდასაჭერად ყველაზე კარგი საშუალება ჰქონდათ 2024 წლის არჩევნების შემდეგ, მიუხედავად იმისა, რა ანტიდემოკრატიული და ანტიდიპლომატიური საქმიანობაც გასწიეს, მაგრამ უარესით გააგრძელეს, როდესაც საქართველოს პარლამენტის დესტრუქციას და სახელმწიფო გადატრიალებას მხარი დაუჭირეს. აქედან გამომდინარე, ის მიზანი, რა მიზანზეც ლაპარაკობს, მათივე პოლიტიკური თუ სხვა ქმედებით ტორპედირებულია. ეს არის მუქარა – თუ არ იქნებით ჩვენი ნების აღმსრულებლები, მაშინ შეგვიძლია, ჩვენ ცუდი გაგიკეთოთო. ამას გეუბნება ევროკავშირი. ახლა როგორ არის ეს მშვიდობის, თანასწორობის და აყვავების გზა, როდესაც ასეთ გზავნილს გიგზავნის?“ – განაცხადა ქადაგიშვილმა.
შეგახსენებთ, ევროკავშირის ელჩმა საქართველოში პაველ ჰერჩინსკიმ ბრიუსელში, ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურში, სადაც დოკუმენტური ფოტოგამოფენა „საქართველო ფოკუსში“ გაიხსნა, აღნიშნა, რომ საქართველო სწორ ტრაექტორიაზე აღარ იმყოფება.
ელჩის თქმით, „ხელისუფლებამ აირჩია ალტერნატიული, ავტორიტარიზმის მოდელი და საქართველოს ევროკავშირს აშორებს“.
„საქართველო გზაგასაყარზე დგას. საქართველოს მომავალი ჯერ არ დაწერილა, მაგრამ ის, რაც მომავალ კვირებსა და თვეებში გადაწყდება, განსაზღვრავს, ეკუთვნის საქართველო ევროპული ქვეყნების ოჯახს, რომელიც დაფუძნებულია დემოკრატიაზე, კანონის უზენაესობასა და ადამიანის უფლებებზე, თუ სამწუხაროდ, თავის ბნელ წარსულს დაუბრუნდება. ჩემი მთავარი გზავნილი ქართველი ხალხის მიმართ არის „ნუ დაკარგავთ იმედის“. ჩვენ არ უნდა დავუშვათ, რომ საქართველო და შესანიშნავი, თბილი, სტუმართმოყვარე ქართველი ხალხი დაბრუნდეს ძალადობის, სამოქალაქო ომის, სიღარიბის, გაჭირვების, კორუფციის ბნელ დროში. ეს არ არის ის მომავალი, რომელსაც ისინი იმსახურებენ.
როგორც კი ხელისუფლება გამოთქვამს ჩვენთან თანამშრომლობის სურვილს, ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ დავეხმაროთ საქართველოს გახდეს ევროკავშირის წევრი“, - განაცხადა ჰერჩინსკიმ.