„კაია კალასის მხრიდან გრძელდება ევროკავშირის ინსტრუმენტად გამოყენება საქართველოსთან მიმართებით და თუ ვინმეს რამე აქვს შესაცვლელი, ეს პირველ რიგში ბრიუსელის ბიუროკრატიაა - მათ უნდა შეცვალონ დამოკიდებულება საქართველოსთან. ჩვენ არასდროს გვითქვამს უარი ევროკავშირთან დიალოგზე, თუნდაც იმ მნიშვნელოვან საკითხებზე, რომელზეც ხშირად თავად აკეთებენ ხოლმე აქცენტებს.” - საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი, მაკა ბოჭორიშვილი ჟურნალისტებთან საუბრისას კაია კალასის განცხადებებს გამოეხმაურა.
საგარეო საქმეთა მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ საქართველოს კურსი მიმართულია ქვეყნის ინტერესების დაცვაზე, მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფასა და ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობაზე.
„საქართველოს არაფერი აქვს შესაცვლელი, საქართველოს ხელისუფლება არის ხალხის მიერ არჩეული, ის იცავს ჩვენი ქვეყნის საუკეთესო ინტერესებს და აკეთებს იმას, რაც შედის ჩვენი ქვეყნის ინტერესებში იმისთვის, რომ ქვეყანაში იყოს მშვიდობა, სტაბილურობა და სათანადო პირობები ეკონომიკური განვითარებისთვის. რა არ მოსწონს ამ კურსში კაია კალასს, ეს გაუგებარია, რატომ არის ეს კურსი ევროკავშირთან შეუთავსებელი, ესეც გაუგებარია. შესაბამისად, თუ ვინმემ უნდა შეცვალოს დამოკიდებულება, ეს არის მხოლოდ და მხოლოდ ევროკავშირის ამჟამინდელი ბიუროკრატია ბრიუსელში“, - აღნიშნა მაკა ბოჭორიშვილმა.