ვაშა! გვყავს გენერალისიმუსი, რომელიც ითავსებს კოორდინატორ-ისიმუსის ფუნქციას და რომლის ბიოგრაფიაც ყველა საძიებელ პლატფორმაზე გაიწმინდა „ნაცებთან“ ყოველგვარი წარსული კავშირებისგან, - ასე ეხმაურება საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი მთავრობაში განხორციელებულ საკადრო ცვლილებებს.
„ვაშა! გვყავს გენერალისიმუსი, რომელიც ითავსებს კოორდინატორ-ისიმუსის ფუნქციას და რომლის ბიოგრაფიაც ყველა საძიებელ პლატფორმაზე გაიწმინდა „ნაცებთან“ ყოველგვარი წარსული კავშირებისგან! უსაფრთხოება კი „მანდატურთუხუცესის” ხელში გადადის! ესე იგი ამ ურთულეს გეოპოლიტიკურ ვითარების დროს… მეტად „გამოცდილ“ ხელში!
ჩვენ კი ამგვარ სრულიად რიტუალურ როტაციაზე (სტალინის გამოცდილი მეთოდი) უნდა ვიმსჯელოთ და დრო, ენერგია ფუჭად ვხარჯოთ. ან ერთმანეთს უნდა გადავასკდეთ იმის გარჩევაში, თუ რას ნიშნავს „პატარა პრინცის“ გამოსვლა პოლიტიკურ სცენაზე და რას უპირებს მას მამა…
მთავარია, არც თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის დაკარგვაზე, არც ქვეყნის მომავალზე, არც მოსახლეობის უმძიმეს ყოფაზე, არაფერ სხვაზე არ ვიფიქროთ … მთელი ყურადღება გადატანილ იყოს, სატელევიზიო სერიალების მსგავსად, ყოველდღიურად გადმოგდებულ ახალ-ახალ სალაყბო საგანზე”, - წერს ზურაბიშვილი.
შეგახსენებთ, დღეს პრემიერმა ირაკლი კობახოძემ ბრიფინგზე საკადრო ცვლილებებზე ისაუბრა. მისი განცხადებით, საქართველოს მთავრობის სტრუქტურას დაემატება სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა. აღნიშნულ თანამდებობას დაიკავებს მამუკა მდინარაძე, სუს-ის ხელმძღვანელის თანამდებობას გეკა გელაძე დაიკავებს, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრად სულხან თამაზაშვილი დაინიშნა, ხოლო საგარეო საქმეთა მინისტრ მაკა ბოჭორიშვილს საქართველოს ვიცე-პრემიერის მოვალეობა დაეკისრება.