საქართველოში პრორუსული გავლენის ალტერნატივის შექმნა უნდა გავაგრძელოთ, - ამის შესახებ რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ოანა-სილვია ცოიუმ ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრამდე ჟურნალისტებს განუცხადა.
ოანა-სილვია ცოიუმ „ევროსკოპის“ შეკითხვას უპასუხა იმასთან დაკავშირებით, თუ რა იქნება მისი გზავნილი საქართველოს საკითხზე ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების დღევანდელ შეხვედრაზე.
„ეს უკვე ბევრჯერ მითქვამს და იგივე გზავნილი გადავეცი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრსაც. ჩვენ გვჯერა, რომ ქართველი ხალხი ევროპულ ოცნებასთან არის დაკავშირებული. ჩვენ დიალოგის განახლების აუცილებლობის შესახებ განვაცხადეთ, თუმცა ამისთვის რეფორმების გატარებაა საჭირო. დაკავებული ოპოზიციის ლიდერები ნამდვილი მართლმსაჯულების სისტემის წინაშე უნდა წარდგნენ და მართლმსაჯულების სისტემის დემოკრატიულ პროცესებში ჩარევის ინსტრუმენტად გამოყენება არ უნდა ხდებოდეს. ჩვენ ასევე ვისაუბრეთ უსაფრთხოების შესახებ. ეს ჩვენი საუბრისას ჩემი კოლეგის მთავარი პერსპექტივა იყო და ასევე, ის ფაქტი, რომ დაკავშირებადობა, ღია დიალოგი და ჩვენი უნარი, შევქმნათ პრორუსული გავლენის პროევროპული ალტერნატივა, ეს არის წინსვლის გზა“, - აღნიშნა რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
მისი თქმით, საქართველომ ევროკავშირთან მოლაპარაკებებისა და დიალოგის გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილებას უნდა გადახედოს.
„მნიშვნელოვანია გვესმოდეს, რომ ჩვენ ერთგულები ვართ როგორც ქართველი ხალხის ევროპული მომავლის, ისე ევროპული ალტერნატივის შექმნის მიზნით დაკავშირებადობის გაძლიერების მიმართ. ასევე, ჩვენ გვჯერა, რომ დემოკრატია მაშინ ფუნქციონირებს, როდესაც ოპოზიცია არსებობს“, - განაცხადა ოანა-სილვია ცოიუმ.