„ოპოზიციის ალიანსში“ შემავალი პარტიები: “ახალი“, “გირჩი მეტი თავისუფლებისთვის”, “დროა”, “ეროვნულ დემოკრატიული პარტია, “ევროპული საქართველო”, “თავისუფლების მოედანი”, “სტრატეგია აღმაშენებელი”, “ფედერალისტები”, მიხეილ სააკაშვილის მიერ 18 აპრილს გაკეთებულ საჯარო განცხადებას ეხმიანებიან.
ალიანსი მოუწოდებს ყველა მონაწილე პარტიას, მომავალში თავი შეიკავოს მსგავსი ტიპის „კონფრონტაციული განცხადებებისგან“.
„ალიანსი შეიქმნა უმნიშვნელოვანესი მიზნის მისაღწევად: პროდასავლური პოლიტიკური ძალებისა და ქართული საზოგადოების მჭიდრო თანამშრომლობით საქართველო გათავისუფლდეს ივანიშვილის არალეგიტიმური რუსული რეჟიმისგან.
ალიანსის საქმიანობის უმნიშვნელოვანეს და აუცილებელ წინაპირობას წარმოადგენს წევრებს შორის ურთიერთთანამშრომლობის და ურთიერთპატივისცემის რეჟიმში საქმიანობა და ურთიერთთავდასხმებისაგან თავშეკავება. პოლიტიკური მოსაზრების გამოხატვაში პოლიტიკური ლიდერის (მით უფრო, პოლიტიკური პატიმრის) შეზღუდვა არ წარმოადგენს ალიანსის არც კომპეტენციას და არც მიზანს, თუმცა, პერსონალური თავდასხმები, როგორადაც ალიანსმაც და საზოგადოების მნიშვნელოვანმა ნაწილმაც აღიქვა მიხეილ სააკაშვილის განცხადება, ეწინააღმდეგება აღნიშნულ პრინციპებს, მათ შორის დათქმას იმის შესახებ, რომ არცერთ პარტიას არ აქვს უფლება, თავი გამოაცხადოს ოპოზიციის ან საპროტესტო მოძრაობის ერთადერთ წარმომადგენლად ან ერთპარტიულ თუ ერთპიროვნულ ლიდერად.
ალიანსი მოუწოდებს ყველა მონაწილე პარტიას, რომ მომავალში თავი შეიკავოს მსგავსი ტიპის კონფრონტაციული განცხადებებისგან და იყოს მის მიერ საზოგადოების წინაშე აღებული ვალდებულებების ერთგული”, - აღნიშნულია განცხადებაში.
ცნობისათვის, საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა 18 აპრილს სოციალურ ქსელ „ფეისბუქზე“ განცხადება გაავრცელა.
მისი თქმით, "იმისთვის, რომ რეგიონებში ჩასვლა გამოგივიდეთ, ადამიანებმა უნდა იცოდნენ, რომ მარტო საკუთარი თავი კი არა, ხალხიც გულწრფელად გიყვართ”.
სააკაშვილის განცხადებით, ბიძინა ივანიშვილის ამომრჩევლის უმეტესი ნაწილი, არის მისი ყოფილი ამომრჩეველი, რომელმაც ხმა მისცა 2018 და 2021 წლებშიც და აღნიშნავს, რომ ამიტომ „როცა იმავე რეგიონებში ზოგიერთი თქვენგანი მიდის ლოზუნგით - „არც მიშა, არც ბიძინა“, ბუნებრივად განიცდით სულ კრახს”.
სააკაშვილი ახსენებს 2024 წელს და წერს, რომ „ერთმა არცთუ უნიჭო და ენერგიულმა პოლიტიკოსმა, რომელიც სულ ცდილობდა, ახალი მიშა გამხდარიყო, ოღონდ მიშას დაგმობის ხარჯზე, ძალიან ბევრი იარა რეგიონებში ამ ლოზუნგით და თითქმის ვერაფერს ვერ მიაღწია და ეს უნდა იყოს გაკვეთილი“.