საქართველოს სახალხო დამცველის, ლევან იოსელიანის განცხადებით, აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან სადიგოვის ქვეყნიდან გაძევების საკითხი შესწავლას საჭიროებს, რის შემდეგაც საზოგადოებას შეფასებას წარუდგენს.
მისი განმარტებით, აღნიშნულ საკითხზე მეტის თქმა მას შემდეგ შეეძლება, როცა კონკრეტულ საკითხს, რამდენად სწორედ მოხდა მისი საქართველოდან გაძევება, სამართლებრივად შეისწავლის.
"მის უფლებადამცველებთან მქონდა კომუნიკაცია. რაც შეეხება შეფასებას, შეფასება აუცილებლად გვექნება ამაზე, იმიტომ რომ როგორც თქვენ თქვით, არსებობს განსხვავებული მოსაზრებები, ეს საკითხი საჭიროებს შესწავლას. სამართლებრივ შესწავლას ვგულისხმობ და შესაბამისად, ამის შესახებ რა თქმა უნდა, პოზიცია გვექნება. იმ პროცესში, როდესაც ბატონი სადიგოვი იმყოფებოდა საქართველოში, დაწყებული მისი დაკავებიდან ბოლომდე, ყოველდღიურად ვიყავით ჩართული, ვახდენდით მონიტორინგს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობას, მის უფლებადამცველებთან მქონდა განუწყვეტლივ პროცესში კომუნიკაცია, ვიცოდით ზუსტად რა პროცესი მიმდინარეობდა, ამაზე მეტის თქმა ახლა არ შემიძლია. ალბათ ამაზე მეტის თქმას შევძლებ, როდესაც უკვე სამართლებრივად შევისწავლით კონკრეტულად იმ საკითხს, რამდენად სწორედ მოხდა მისი საქართველოდან გაძევება," - განუცხადა იოსელიანმა "ნეტგაზეთს".