ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა დაცვის კომისარ მაიკლ ო’ფლაერტსა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენელთა შეხვედრა დასრულდა.
არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენელთა განცხადებით, ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარს ქვეყანაში გაუარესებული მდგომარეობა დახვდა.
"ყველა საკითხი, რომელიც სხვადასხვა მიმართულებით საქართველოში ადამიანის უფლებების კუთხით არსებობს, ადამიანის უფლებათა კომისარს აინტერესებდა სხვადასხვა სამოქალაქო ჯგუფების პოზიციები და მოსაზრებები, რათა მან შესაბამისი დოკუმენტი მოამზადოს საქართველოსთან დაკავშირებით. ეს არის მნიშვნელოვანი განაცხადი იმ კუთხითაც, რომ "ქართული ოცნება", რომელიც ადამიანის უფლებადამცველებს უარყოფს, მიიჩნევს მათ როგორც ზედმეტს და კრიმინალად აცხადებს ამ კუთხით, ადამიანის უფლებათა კომისარი ხვდება, ისმენს და მიიჩნევს, როგორც სანდო ინფორმაციის წყაროს. რაც კარგი დასტურია იმის, რასაც ქართული არასამთავრობო ორგანიზაციები, ქართული ორგანიზაციები საქართველოში ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით ახორციელებენ." - განაცხადა გიორგი ბურჯანაძემ.
დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის დამფუძნებელი და ყოფილი სახალხო დამცველი, უჩა ნანუაშვილი აცხადებს, რომ ქვეყანაში მდგომარეობა კიდევ უფრო გაუარესებულია და საერთაშორისო ორგანიზაციები ამჩნევენ, რომ საქართველოში დაუსჯელობა ისევ გრძელდება.
"კიდევ უფრო დამძიმდა ქვეყანაში მდგომარეობა, რეპრესიები იზრდება, პრაქტიკულად ყველა ორგანიზაცია, ყველა დამოუკიდებელი ჯგუფი არის პრაქტიკულად ზეწოლის ქვეშ და ის, რომ დაუსჯელობა ქვეყანაში კვლავ გრძელდება, ეს არ ხდება შეუმჩნეველი, მათ შორის საერთაშორისო ორგანიზაციებისთვის და შესაბამისად აისახება მათ საქმიანობაში ის რეალური მდგომარეობა, რაც ქვეყანაშია შექმნილი," - განაცხადა უჩა ნანუაშვილმა.
როგორც ცნობილია, მაიკლ ო'ფლაერტს შეხვედრა დაგეგმილი აქვს საქართველოს სახალხო დამცველთან, ლევან იოსელიანთანაც. ასევე იგეგმება შეხვედრა ხელისუფლების წარმომადგენლებთანაც.