ყოფილი ფეხბურთელისა და „ქართული ოცნების“ აქტივისტის, ბექა გოცირიძის მიმართ ჯგუფურ ძალადობაში ბრალდებულები, თორნიკე თოშხუა და მინდია შერვაშიძე სასამართლომ დამნაშავედ ცნო. მათ 1-1 წლით პატიმრობა შეეფარდათ. ისინი პენიტენციურ დაწესებულებას 5 თვეში დატოვებენ, ვინაიდან 7 თვეა, რაც პატიმრობაში იმყოფებიან.
დაცვის მხარე გადაწყვეტილებას სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს.
სასამართლომ განმარტება გააკეთა, ამ ეტაპზე ცხადია, რომ არ არსებობდა მტკიცებულებათა იმგვარი ერთობლიობა საქმეზე, სადაც შეიძლებოდა განმამტყუნებელი გადაწყვეტილების დაყენება. სასამართლოს ზეპირსიტყვიერი განმარტება იმასთან დაკავშირებით, რომ წარმოდგენილი მტკიცებულებები და განსაკუთრებით წარმოდგენილი ვიდეო მტკიცებულება გამორიცხავდა აუცილებელ მოგერიებს და თავდაცვას, პირდაპირ ეწინააღმდეგება ვიდეომტკიცებულებსი შინაარსს, შესაბამისად, თუ წერილობით დასაბუთებაში იგივე არგუმენტაცია დარჩება, რომ მხოლოდ ვიდეომტკიცებულებას დაეყრდნო სასამართლო, ბუნებრივია, რომ კარგი იქნება და დასაბუთებული იქნება ჩვენი სააპელაციო საჩივარი", - აცხადებს ადვოკატი ომარ ფურცელაძე.
ცნობისთვის, თორნიკე თოშხუასა და მინდია შერვაშიძეს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით ჰქონდათ წარდგენილი, რაც გულისხმობს ძალადობას, ჩადენილს ჯგუფურად. აღნიშნული ქმედება სასჯელის სახედ და ზომად ორ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
აღნიშნულ საქმეში დაზარალებულის სტატუსი ჰქონდა ყოფილ ფეხბურთელსა და "ქართული ოცნების" აქტივისტს, ბექა გოცირიძეს. დაკავებულებს სწორედ მის მიმართ განხორციელებულ ძალადობას ედავებიან.
ბექა გოცირიძე ცოტა ხნის წინ, სავარაუდოდ, გულის შეტევით გარდაიცვალა. მან სასამართლოში ჩვენება გარდაცვალებამდე მისცა და განაცხადა, რომ დაკავებულების მიმართ პრეტენზია არ გააჩნდა. მან მოსამართლეს მიმართა, „თუკი ბრალდებულებს გირაოთი გაუშვებდა და ახალ წელს სახლში შეხვდებოდნენ, ძალიან გაუხარდებოდა და რომ თავადაც მოიქნია ხელი და თავადაც ჩხუბობდა“.