ადამიანურად ძალიან მინდა, რომ ეს ყველაფერი, რაც მის გარშემო ხდება, ერთი დიდი სიზმარი იყოს, - ამის შესახებ საქართველოს სახალხო დამცველმა, ლევან იოსელიანმა "ტვ პირველის" ეთერში ალეკო ელისაშვილის შესახებ საუბრისას განაცხადა.
"ახლახანს გავრცელდა და ტელეფონში ვუყურებდი ამ კადრებს, მაგრამ ამ კადრებამდე საქმის მასალებს რაც შეეხება, რომელიც ალეკო ელისაშვილის საქმეში არის, სამწუხაროდ, მის ადვოკატებს აქვთ ხელი მოწერილი გაუთქმელობაზე, შესაბამისად ჯერჯერობით მე არ მომცემია საშუალება, რომ მისი საქმის მასალები მენახა. საქმის მასალები, როგორც სხვა შემთხვევაში, პაატას შემთხვევაში, ან სხვების შემთხვევაში, ადვოკატებს მოაქვთ ჩვენთან, ჩვენ მერე ვსწავლობთ და შეგვიძლია ამაზე დაყრდნობით რაღაც დასკვნა გამოვიტანოთ და პოზიცია ჩამოვიყალიბოთ, ალეკოს შემთხვევაში ჯერ ამის შესაძლებლობა არ მოგვცემია. თუმცა მე იმედი მაქვს, რომ ეს მალე მოხდება და ეს საქმის მასალები საბოლოოდ იქნება ხელმისაწვდომი, მათ შორის ჩემთვისაც და ყველა ის საკითხი, რაზეც ადვოკატები აპელირებენ და რაზეც საზოგადოებაში შეიძლება კითხვები არსებობდეს, მე, რა თქმა უნდა, მაქსიმალურად ობიექტურად გავცემ ამას პასუხს. აქ მეგობრობაა არაფერ შუაში და არც არაფერი, როგორც ამ შემთხვევაშ სახალხო დამცველი, როგორც ყველა სხვა მსჯავრდებულის და ბრალდებულის მიმართ, ასევე ობიექტური იქნება ჩემი შეფასება.
ადამიანურად ძალიან მინდა, რომ ეს ყველაფერი, რაც მის გარშემო ხდება, ერთი დიდი სიზმარი იყოს და საბოლოო ჯამში, ეს ყველაფერი დასრულდეს, მაგრამ ვნახოთ," - განაცხადა ლევან იოსელიანმა.
პროკურატურამ ალეკო ელისაშვილს 2025 წლის 4 მაისს ჩადენილი ტერორისტული აქტის, მეორე ეპიზოდზე ბრალდება წარუდგინა.
შეგახსენებთ, რომ ალექსანდრე ელისაშვილს უკვე წარდგენილი აქვს ბრალდება, 2025 წლის 29 ნოემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოში ტერორისტული აქტის ჩადენის მცდელობის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-323-ე მუხლის პირველი ნაწილით და იგი პენიტენციურ დაწესებულებაში იმყოფება.