საქართველოში კლასიკური გამოცდილება გვაქვს, როგორ ხდება, ე.წ. ფსევდო პოლიტიკური პატიმრების შექმნა, – ამის შესახებ პარლამენტის თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.
„ამის არანაირი მტკიცებულება არ წარუდგენია და ამ დროს გარედან ორკესტირებით სახელმწიფოს წინაღმდეგ შეტევა დაიწყო, რაც გამოიხატება არჩევნების არცნობაში, არჩევნების უგულვებელყოფასა და სახელმწიფო ინსტიტუტებზე შეტევაში. ეს ყველაფერი კი მედიაუზრუნველყოფის ფონზე ხდებოდა. ამ სცენარის დამდგმელებს ორი წაუგებელი თამაში აქვთ – სახელმწიფო უუნარობას თუ გამოიჩენს და ასეთი სახის ანარქიას კანონით პასუხს არ გასცემს, მაშინ ეს სახელმწიფო ჩამოიშლება და ასეთი სახის ძალები ხელისუფლების სათავეში ყოველგვარი არჩევნების გარეშე მოვლენ, თავად კი ისეთ არჩევნებს ჩაატარებენ, როგორიც უნდათ. ასეთი არჩევნები 2003 წელს ვიხილეთ, როცა 17-პროცენტიანი პარტია უცებ 90-პროცენტიანი გახდა. ეს ყველაფერი კარგად გვაქვს გავლილი. ამიტომ, სახელმწიფო ხალხის და დემოკრატიის არჩევანს თუ დაიცავს, ასეთ ანარქისტულ ელემენტებს პასუხისგებაში მიცემა მოუწევთ. შემდეგ სპეკულაცია იწყება, ეს არის პოლიტპატიმარი, ოთხი შვილის დედა და ა.შ. ადამიანს მრავალი სამართალდარვევა მიზანმიმართულად აქვს ჩადენილი და ამბობს, რომ ამას სპეციალურად აკეთებს. მიუხედავად იმისა, რომ კანონი ჰუმანურად ექცევა და გამოსავალს სთავაზობს, პატიმრობაში არ იყოს, მისი და მისი პატრონების ამოცანაა, ასეთი ადამიანი მძევლად ჰყავდეს, რათა საქართველოს წინააღმდეგ ახალი შეტევის საფუძველი ჰქონდეთ. უკაცრავად, თავისმა ოთხმა შვილმა დედამისს მოჰკითხოს“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.
ცნობისთვის, კახა კალაძის საარჩევნო ბანერის დაზიანებაში ბრალდებული პოლიტიკოსი, „დროას“ ლიდერი, ელენე ხოშტარია სასამართლომ დამნაშავედ ცნო. გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ გიორგი არევაძემ მიიღო. არევაძის განაჩენით, ელენე ხოშტარიას 1 წლითა და 6 თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. შესაბამისად, ხოშტარია პენიტენციურ დაწესებულებას ერთ წელში დატოვებს.