შორს არ არის ის დღე, როცა უწმინდესის კანონიზაციის საკითხს დავაყენებთ, - ამის შესახებ ახალქალაქისა და კუმურდოს მიტროპოლიტმა მეუფე ნიკოლოზმა (ფაჩუაშვილი) ჟურნალისტებთან, სამების საკათედრო ტაძართან განაცხადა.
მისივე თქმით, წმინდანობის ერთ-ერთი ნიშანი ასევე არის საყოველთაო თაყვანისცემა, რასაც უკვე ვხედავთ.
"რატომ არის კიდეც მნიშვნელოვანი, მასთან ახლოს მისვლა და შეხება მის სხეულთან და საფლავთან - არ არის შორს ის დღე, როდესაც ჩვენ დავაყენებთ საკითხს მისი უწმინდესობის კანონიზაციის შესახებ. და ეს არგუმენტი, გარდა იმისა, რომ წმინდანობის ერთ-ერთი ნიშანი არის საყოველთაო თაყვანისცემა, რასაც ვხედავთ, გარდა ამისა, უკვე არის ასეთი შემთხვევები - განკურნების, სასწაულების მოხდენი. მიდით და სთხოვეთ და შეგისრულებთ. ნახავთ, თუ ასე არ იქნება", - აღნიშნა მეუფე ნიკოლოზმა.
რაც შეეხება წესის აგებას, როგორც მეუფე ნიკოლოზი აღნიშნავს, გახმოვანებული იქნება და ეკლესიის მიმდებარედ ეკრანებიც განთავსდება.
„ყველაფერი გამოჩნდება. მესმის, ყველას უნდა ახლოს ყოფნა, მაგრამ ახლაც ახლოს ვართ - განცდა მაქვს, რომ კედლები არ არის ზღუდე მასთან სულიერი ურთიერთობისთვის. ყველას მოგიწოდებთ მობრძანდით, როგორც მოახერხებთ“,- აღნიშნავს მეუფე ნიკოლოზ ფაჩუაშვილი.